არმიამ რუსთავში ბოლოს იმარჯვა; მატჩისშემდგომი კომენტარები

არმიამ რუსთავში ბოლოს იმარჯვა; მატჩისშემდგომი კომენტარები

სუპერლიგის მეორე წრის მე-8 ტური დღეს რუსთავში დაიწყო,
სადაც ადგილობრივმა რუსთავმა ,,არმიას“ უმასპინძლა. მატჩი ძალიან საინტერესო და დაძაბული
გამოდგა, რომელიც საბოლოოდ არმიელთა გამარჯვებით, 75:71 დასრულდა.

შეხვედრის საწყისი ათწუთეული რუსთაველთა უპირატესობით
წარიმართა, რომლებიც პერიოდის მიწურულს წინ 2 ქულით გავიდნენ -17:15. მეორე მეოთხედში
,,ქვემოქართლელებმა“ უპირატესობა გაიმყარეს და 39:33 დაწინაურდნენ. მესამე მეოთხედი
კიდევ უფრო დრამატულად წარიმართა,რომელიც კვლავ მასპინძელთა სასარგებლოდ დაიწყო. აღნიშნული
პერიოდის მეორე წუთზე რუსთაველებმა თავიაანთ სასარგებლოდ 41:33 დააფიქსირეს, თუმცა,
მიუხედავად ამისა, ,,არმიამ“ შეძლო მობილიზება და მეოთხედის დასრულებამდე 3.11 წუთით
ადრე ჯერ ანგარიში გაათანაბრა – 49:49, შემდეგ კი 58:51 გავიდა წინ.

გადამწყვეტი გამოდგა შეხვედრის დასკვნითი მეოთხედი,
რომლის მესამე წუთზე არმიამ 10 ქულიან უპირატესობას უწია  – 61:51. დარჩენილ დროში რუსთაველები კვლავ აქტიურად
ათამაშდნენ და მატჩის დასრულებამდე 3:56 წუთით ადრე მინიმალური სხვაობა დააფიქსირეს
– 64:65.

 დარჩენილ დროში
,,არმიამ“ შეძლო მოპოვებული უპირატესობის გაზრდა და საბოლოოდ  4-ქულის სხვაობით იმარჯვა.

 ,,რუსთავის“
შემადგენლობაში 17 ქულით რევაზ ჩაჩანიძე გამოირჩა,  ხოლო 10 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი ჟულივეტ
ტუჯანმა შეასრულა. ,,არმიას“ ულიდერა უილიამ ტომასმა,  რომელმაც  24 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა.

მატჩის დასრულების შემდეგ რუსთავისა და არმიის გუნდების
მწვრთნელებმა შემდეგი კომენატრები გააკეთეს.
კოტე ტუღუში
(არმიის მწვრთნელი): ძალიან დაძაბული მატჩი გამოდგა. ნამდვილად არ ველოდით ,,რუსთავისგან“
ასეთი წინააღმდგეობის გაწევას და რამდენიმე მოთამაშის დასვენებაც კი გადავწყვიტეთ.
დავცვაშიც  მოვადუნეთ ყურადღება, როგორც მე,
ასევე მოთამაშეებმა. ჩვენ სეზონის ყველაზე ცუდი მატჩი ჩავატარეთ, ,,რუსთავმა“ კი ჩინებული
თამაში აჩვენა, რაც მისი მწვრთნელისა და ახალგაზრდა მოთამაშეების დამსახურებაა. თითქმის
მთელი თამაში მეტოქის უპირატესობით წარიმართა, რამაც, რა თქმა უნდა, ფსიქოოგიური  გავლენაც მოახდინა ჩვენზე. ,,რუსთავის“ასეთი კარგი
თამაში მის პოტენციალზე და მოთამაშეების დიდ პერსპექტივაზე მიუთითებს. მიუხედავად,
ამისა ჩვენ ტრაგედიას არ ვქმით, მთავარია რომ საბოლოოდ გავიმარჯვეთ. იმედია, მომავალში
მსგავს შეცდომებს აღარ დავუშვებთ.

მიხეილ ბერუაშვილი
(რუსთავის მწვრთნელი): მატჩს დადებითად შევაფასებდი. კარგად ითამაშეს ჩვენმა ბიჭებმა.
შეხვედრა  ბოლომდე დაძაბული იყო და ბოლოს დავმარცხდით,
თუმცა მაინც კმაყოფილი ვარ. დაცვაში შესანიშნავად ვიასპარეზეთ და თავდასხმაშიც კარგად
გამოვიყურებოდით. ბიჭებმა გუნდურად იასპარეზეს და შედეგსაც სწორედ ამის ხარჯზე მივაღწიეთ.