,,არმიის” მესამე გამარჯვება (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სტატისტიკა
გალერეა ბოლო წლების მანძილზე
არმია-შსს-ს დაპირისპირება ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო დერბად ჩამოყალიბდა.
ძალოვან სამინისტროთა გუნდები ყოველთვის ამბიციურები იყვნენ და მათი დაპირისპირება
მუდამ დიდ ინტერესს იწვევდა. მე-3 ტურის ბოლო შეხვედრაში “არმია” და”შსს-აკადემია”
ერთმანეთის პირისპირ წარდგენ.

შეხვედრის პირველი
ტაიმი დაძაბული და საინტერესო გამოდგა, თუმცა მეორე ნახევარში არმიელებმა საკუთარი
თამაში იპოვეს და სოლიდური უპირატესობის მოპოვებით შეხვედრას ინტრიგა დაუკარგეს.

პირველი მეოთხედი
ქულა-ქულაში წარიმართა და “არმიის” 2-ქულიანი გამარჯვებით – 14:12 დასრულდა.
არც მეორე მეოთხედში დაუთმეს შსს-ელებმა მეტოქეს არაფერი, თუმცა არმიელები მცირე უპირატესობას
მაინც ფლობდნენ. კოკა ტომარაძის შორი სროლებით შსს დიდი შესვენებისთვის მხოლოდ 7 ქულით
ჩამორჩებოდა. მესამე პერიოდიდან კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა არმიელებმა უპირატესობა
9 ქულამდე გაზარდეს და თან საგრძნობ სათამაშო უპირატესობას დაეპტრონენ.

საბოლოოდ, თამაში
ისე დამთავრდა, ვითარება არ დაძაბულა. “არმიამ” შეხვედრა 15 ქულის სხვაობით
– 70:55 მოიგო და “ქუთაისთან” ერთას სუპერლიგის ცხრილის სათავეში გამაგრდა.

არმიელებს 16
ქულით ბუბა კვიმსაძემ ულიდერა, 15 ქულა და ამდენივე მოხსნა ჰქონდა გიორგი შარაბიძეს,
მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. აკადემიელთაგან ათქულიანი ზღვარი
მხოლოდ ტომარაძემ დაძლია, რომელმაც 16 ქულა მოაგროვა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი):
საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, ჩვენ გუნდებს შორის ყოველთვის დაძაბული და კარგი თამაში
გამოდის. წელს ორივე გუნდი განახლებული შემადგენლობით ვასპარეზობთ და დარწმუნებული
ვარ,  ორივე გუნდისთვის საინტერესო ჩემპიონატი
იქნება.  ასეთი თამაშები გამოგვადგება მომავალი
შეხვედრებისთვის მოსამზადებლად. მადლობას ვეტყვი ჩემს ბიჭებს, არაჩვეულებრივად ითამაშეს.
დღეს ჩვენი უპირატესობა სიმაღლე და შიგნიდან თამაში იყო.  მადლობას ვეტყვი მოწინააღმდეგე გუნდს და მომავალში
წარმატებებს ვუსურვებ.

დრაგან პეტრიჩევიჩი(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):
პირველ რიგში, მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას, ბევრი შეცდომა დავუშვით, თუმცა ,,არმიას’’
ვერ დავუკარგავ ძალიან კარგ თამაშს. გვაქვს სურვილები და გვაქვს მონდომება, თუმცა სურვილებს
და შესაძლებლობებს შორის ჩვენი გუნდისთვის ამ ეტაპზე დიდი სხვაობაა. გამამართლებელ
მიზეზად არ მოვიყვან გუნდის ახალგაზრდულობას, თუმცა ვერსად გავექცევით იმ ფაქტს, რომ
საშუალო ასაკი 21-22 წელია და გვყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც შარშან თავიანთ
გუნდებში სერიოზული როლი არ ჰქონიათ.  ბიჭებს
არაფერში ვადანაშაულებ, თუ ვინმეს დღეს მეტი მოლოდინი ჰქონდა ამ გუნდისგან, პასუხი
მე უნდა მომთხოვოს. ვაფასებ მათ შრომას და მუშაობას და ვულოცავ, რომ დღითიდღე უფრო
უმატებენ.  ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ
რამდენიმე მოთამაშე 20-წლამდელთა გუნდშიცაა. რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, დუდუ დადიანის
მემორიალის შემდეგ აღვნიშნე, რომ არმია აუცილებლად უკეთეს თამაშს შემოგვთავაზებდა,
მათ ჰყავთ მინიმუმ 12 მოთამაშე, რომლებსაც ნებისმიერ მომენტში და ნებისმიერ სიტუაციაში
შეუძლიათ კარგი თამაში. დარწმუნებული ვარ, ეს გუნდი წელს სერიოზულ შედეგებს მიაღწევს,
ჩვენ კი ნელ-ნელა მოვუმატებთ და უკეთეს თამაშს შევთავაზებთ მეტოქეებსაც და მაყურებელსაც.

გიორგი ჯგერენაია(არმია):  მოგეხსენებათ, წელს საკმაოდ შეცვლილი შემადგენლობა
გვყავს, ვცდილობთ თამაშიდან თამაშამდე შევიკრათ და მოვუმატოთ იმ კომპონენტებში,  რომლებშიც გვიჭირს. დღეს საკმაოდ კარგი დაცვა ვითამაშეთ
და შიგნიდან ბევრი ქულა ჩავაგდეთ, ეს ანგარიშზეც აისახა. ,,შსს აკადემია’’ საკმაოდ
ახალგაზრდა და კარგი გუნდია, ეტყობათ უცხოელი მწვრთნელის ხელი და ვფიქრობ, კიდევ უფრო
მოუმატებენ.

რეზო როგავა(შსს აკადემია): პირველ რიგში,
მივულოცავ ,,არმიას’’ გამარჯვებას, ძალიან კარგი გუნდია, კარგი მწვრთნელი ჰყავთ და
გამოცდილი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ეტყობოდათ, რომ დღევანდელი თამაშისთვის
კარგად იყვნენ მომზადებულები. ნამდვილად ვერ ვითამაშეთ ის თამაში, რომლის მოლოდინიც
გვქონდა, ბევრი შეცდომა დავუშვით როგორც დაცვაში, ისე თავდასხმაში.  თუმცა ახალგარდა გუნდი ვართ, ვცდილობთ ყოველ თამაშზე
პროგრესი განვიცადოთ და ვეცდებით მეტოქეებს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ.