მეორე წრის მეოთხე ტურის ბოლო მატჩში 3 რეკორდი დაფიქსირდა. „არმიასგან“ სტუ-ს 131:73 დამარცხებამ მიმდინარე სეზონის 3 საუკეთესო შედეგი გააუმჯობესა.
პირველი რეკორდი ორივე გუნდის მიერ მოგროვილი ქულებია. აქამდე საუკეთესო შედეგად 200 ქულა ითვლებოდა, რომელიც „რუსთავისა“ და თსსუ-ს 9 თებერვალს ჩატარებულ მატჩი ჩავარდა. დღევანდელ შეხვედრაში კი ჯამში 204 ქულა ჩავარდა. რეკორდია ერთი გუნდის მიერ მოგროვილ ქულათა ოდენობაც(131), ხოლო მესამე საუკეთესო რეზულტატი 58-ქულიანი გამარჯვებაა.
სტუ ერთადერთი გუნდია, რომელსაც სუპერლიგაში გამარჯვება არ მოუპოვებია და ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი პირველაშვილის არყოფნაში ძნელად სავარაუდო იყო, რომ პირველ წარმატებას მიაღწევდა. არმიელებმა სტუდენტებს შეღავათი არ გაუწიეს და სრული მობილიზებით ითამაშეს. შედეგად, მიმდინარე სეზონის რეკორდებიც დააფიქსირეს.
სნაიპერული თვისებები კარგად წარმოაჩინა არმიელთა ახალწვეულმა ბესიკ ლეჟავამ, რომელმაც 6-დან 4 სამქულიანი ჩააგდო და, საბოლოოდ, 22 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა.19 ქულა და 9 პასი მიითვალა ბექა წივწივაძემ, ხოლო არმიელთა კიდევ ერთმა უკანახაზელმა, გიორგი გამყრელიძემ პირად ანგარიშზე 11 ქულა და 12 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. ტექნიკოსთაგან უმაღლესი შედეგი ტატო ჩაჩიბაიას ჰქონდა, რომელმაც 16 ქულა მოაგროვა.
მომდევნო ტური 1 და 2 მარტს, ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში გაიმართება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
კოტე ტუღუში(არმია): თავიდანვე მოვიპოვეთ უპირატესობა, შემდეგ კი, თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ რეკორდიც დაგვემყარებინა. დარჩენილი დრო სწორედ ამას დავუთმეთ და გამოგვივიდა კიდეც. ესერთგვარი სტიმული იყო ჩვენი გუნდისთვის.
ზურაბ ტომარაძე(სტუ): არმიამ დაამყარა რეკორდი, ჩვენმა გუნდმა კი – ანტირეკორდი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს თავისი მიზეზები აქვს და ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მეტოქემ ყველა კომპონენტში სოლიდური უპირატესობით დაგვჯაბნა, რაც შედეგზეც აისახა.
ბექა წივწივაძე(არმია): მწვრთნელის დავალებები მეტნაკლებად კარგად შევასრულეთ, შეტევაში კარგად გავისარჯეთ, დაცვაში კი ხარვეზები გვქონდა, რომლებსაც სამომავლოდ გამოვასწორებთ.
ლევან სულაბერიძე(სტუ): პრობლემები გვაქვს ვარჯიშთან დაკავშირებით, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა. არმია ძლიერი გუნდია და მათთან გამარჯვების შანსი თითქმის არ გვქონდა.
სტუ – არმია 73:131
ბათუმი – სოხუმი 77:81
რუსთავი – შსს აკადემია 92:96
დინამო – ქუთაისი 87:85
თსუ – ოლიმპი 72:91