აუტსაიდერმა მგზავრებმა სამეულში მყოფი თსუ დაამარცხა

აუტსაიდერმა მგზავრებმა სამეულში მყოფი თსუ დაამარცხა

გუშინ რეგიონებში დაწყებული სუპერლიგის მე-12 ტური დღეს თბილისსა და რუსთავში გრძელდება. ოლიმპიურმა სასახლემ ერთ მატჩს უმასპინძლა, რომელშიც ერთმანეთს მესამე ადგილზე მყოფი თსუ და აუტსაიდერი “მგზავრები” შეხვდნენ. სატურნირო კუთხით უნივერსიტეტელები ფავორიტად ითვლებოდნენ, რადგან მეტოქეზე მთელი 5 მოგებით მეტი ჰქონდათ მოხვეჭილი.

ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა მგზავრებმა წინასამატჩიო პროგნოზი თავდაყირა დააყენა და გამარჯვების მოპოვება მოახერხა. ეს უპირველესად გუნდური თამაშის შედეგია, თუმცა ისიც სათქმელია, რომ გამარჯვებულებს შორი სროლები წაუვიდათ. თავად განსაჯეთ: თსუ-მ მთლიანობაში 6 სამიანი ჩააგდო, მგზავრებმა კი – 17.

ამ კომპონენტში განსაკუთრებული შედეგი ტროი სტიუარდმა აჩვენა, რომელმაც 11-დან 8 სამიანი ჩააგდო და თსუ-ელთა ყველა მცდელობა, თამაშის მსვლელობისას რამე შეეცვალათ, იოლად აღკვეთა. სტიუარდზე არანაკლებად სასარგებლო იყო ოთარ პერტაია, რომელმაც ჩინებულად ითავა გამთამაშებლობა და თავის გუნდელებს გამოზომილი პასებით ამარაგებდა. საბოლოოდ მან 11 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა, რასაც 11 ქულა და 8 მოხსნა მოაყოლა და სტიუარდის შემდეგ გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო.

შეხვედრა ისე დასრულდა, ბოლო წუთებში მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. მგზავრების კალათბურთელებმა დისციპლინირებული თამაშის წყალობით ბოლო პერიოდში მოპოვებული ხელჩასაჭიდი უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს – 92:84 (სტატისტიკა).

მიმდინარე ტურის მორიგი შეხვედრა დღეს რუსთავში გაიმართება. ასგილობრივი გუნდი 17:00 საათზე “ვერას” უმასპინძლებს.