“ავიამშენი” დაიშალა

“ავიამშენი” დაიშალა

სუპერლიგაში გუნდების
რაოდენობა ერთით შემცირდა. ფინანსური პრობლემები „ავიამშენს“ სეზონის
დასაწყისიდანვე აწუხებდა, თუმცა შემადგენლობის შენარჩუნებას მაინც ახერხებდა. დღეს
კი ყველაფერს წერტილი დაესვა. ლევან მოსეშვილის გუნდი დაიშალა და სუპერლიგაში აღარ ითამაშებს.

 

რამდენიმე კვირაა, მოსეშვილის გუნდი აღარ ვარჯიშობს. რამდენიმე მოთამაშემ უკვე მონახა ახალი გუნდი – ანატოლი
ბოისამ და გიორგი პირველაშვილმა „ენერჯი–ინვესტს“ მიაშურეს და როგორც რუსთაველთა
ხელმძღვანელობა აცხადებს, ამ მოთამაშეებს განაცხადშიც მალე შეიყვანენ, ხოლო
ვახტანგ მინაშვილი თსუ–ში ვარჯიშობს. 

„ავიამშენის“ დაშლა როგორ
აისახება სატურნირო მდგომარეობაზე? ის შედეგები, რაც „ავიამშენმა“ პირველ წრეში
აჩვენა, ძალაში დარჩება, ხოლო მეორე წრის დანარჩენ ცხრავე მატჩში „ავიატორებს“
ტექნიკური წაგება (0:20) ჩაეთვლებათ.

საქართველოს თასის
გათამაშების მეოთხედფინალში „ავიამშენს“ „ბათუმის“ წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, თუმცა
გუნდის დაშლის გამო ბათუმელები ავტომატურად გავლენ ნახევარფინალში.

„ავიამშენი“ 2004 წელს
დაარსდა და თავიდანვე ქართული კალათბურთის ერთ–ერთი საუკეთესო გუნდის სახელი
დაიგდო. პირველივე სეზონში ლევან მოსეშვილის გუნდი ეროვნული ჩემპიონატის ფინალში
გავიდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. მომდევნო სეზონში „ავიატორები“ ჩემპიონები
გახდნენ, რის შემდეგაც ორჯერ ვერცხლი, გასულ 2008–09 წლების სეზონში ბრინჯაოს
დასჯერდნენ.

ლევან მოსეშვილის გუნდს ორჯერ აუღია საქართველოს თასი –2007 და 2008 წლებში.

„ავიამშენს“ მოგებული
აქვს დუდუ დადიანის (2005) და ქორქია–საკანდელიძის (2008) მემორიალი, ხოლო გასული
სეზონის ბოლოს სუპერთასი ჩემპიონ „ენერჯი–ინვესტს“ მოუგო.