ბაბუნაშვილმა ქუთაისს მე-3 მატჩი აჩუქა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

თითქმის დაუჯერებელი რამ მოხდა რუსთავში, ადგილობრივი
გუნდისა და „ქუთაისის“ მატჩში. საფინალო სირენამდე ზუსტად 1 წუთით ადრე მასპინძლები
6 ქულით იგებდნენ

მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ სტუმრებმა 4 ქულით გაიმარჯვეს.
შედეგად, იმერულმა გუნდმა მეოთხედფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და ის, თუ ვინ
გავა ნახევარფინალში, სერიის მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა გაარკვევს, რომელიც ხვალ,
29 აპრილს, რუსთავში, 18 საათზე გაიმართება.

 რუსთაველებს ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ ნახევარფინალის
საგზური მოგებული ჰქონდათ, რამდგან 1 წუთში 6-ქულიანი ლიდერობის განიავება ფანტასტიკის
სფერო იყო. სწორედ სენსაცია მოახდინეს ქუთაისელებმა, რომლებმაც მატჩის ბოლო წუთი
10:0 მოუგეს მასპინძლებს და ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვეს. ამ სენსაციას 2 ავტორი
ჰყავს – ზაურ ფაშაევი და თეიმურაზ ბაბუნაშვილი. მართალია, ქუთაისელებმა გუნდური ბრძოლისუნარიანობის
ხარჯზე მოიგეს, თუცა სტატისტიკას თუ შევხედავთ, მხოლოდ ამ 2 კალათბურთელზე მოდის ის
ქულა-ჩაჭრები, რომელიც „ქუთაისმა“გადამწყვეტ მომენტში განახორციელა, რაზეც ცოტა ქვეოთ
მოგახსენებთ.

 წინა მატჩის გმირი, 2 დღის წინ ქუთაისში 31 ქულის მიმთვლელი
რუსთაველთა ლეგიონერი ნეით ბოუი დღევანდელ შეხვედრაში შედარებით ინერტული იყო. თავიდან
კარგად კი დაიწყო, მაგრამ მეორე ტაიმში ჩრდილში მოექცა და ქუთაისელებმა ის 15-ქულიანი
ჩამორჩენა (41:56) აღმოფხვრეს, რომელსაც მასპინძლებმა მესამე მეოთხედის შუაში მიაღწიეს.
სტუმრებმა მომდევნო 8 წუთის განმავლობაში რუსთაველები 23:6 (!) დაჯაბნეს და მატჩის დასრულებამდე
6,30 წუთით ადრე 64:62 დაწინაურდნენ.

 ამის შემდეგ ბრძოლა ქულა-ქულაში გაგრძელდა,ხან ერთი გუნდი
გალიდერდებოდა, ხან – მეორე. საბოლოოდ კი, მატჩის ბოლოსწინა წუთზე რუსთაველებმა იძალეს
და გოგა ცეკვავას, იოვან სტეფანოვისა და ნეით ბოუის ქულებით 74:68 დაწინაურდნენ. სწორედ
ბოუიმ ჩააგდო სირენამდე 1 წუთით ადრე უმნიშვნელოვანესი გარღვევა და თითქოს მატჩსაც
რუსთაველთა სასარგებლოდ წერტილი დაუსვა. შეხვედრის ბოლო წუთი კი შემდეგნაირად წარიმართა:

 ზაურ ფაშაევმა, მიუახლოვდა თუ არა რუსთაველთა პერიმეტრს,
დაუფიქრებლად ესროლა სამქულიანი და დასრულებამდე 55 წამით ადრე ჩამორჩენა 3 ქულამდე
შეამცირა. რუსთაველებმა შეტევა წამოიწყეს და ფაშაევმა ბოუის ბურთი ჩაუჭრა, ხოლო ეს
უკანასკნელი დაედევნა და ჯარიმის წყალობით ბურთი არ ჩააგდებინა. ფაშაევმა 1 საჯარიმო
ჩააგდო და 72:74 დასრულებამდე 30 წამით ადრე. ფაშაევის გაცუდებული მეორე საჯარიმოს
შემდეგ ბურთისთვის ბრძოლაში ქუთაისელები დაჯარიმდნენ და იოვან სტეფანოვმა დასრულებამდე
30 წამით ადრე 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო – 75:72 რუსთაველთა სასარგებლოდ.

 შეტევის დასაგეგმად ქუთაისელთა მწვრთნელ, დავით უსტიაშვილს
წუთშესვენება აღარ ჰქონდა, ამიტომაც სტუმრებმა შეტევა დაუყოვნებლივ წამოიწყეს, ბურთი
გაათამაშეს და ის საბოლოოდ თეიმურაზ ბაბუნაშვილს მიაწოდეს. ქუთაისელთა უკანახაზელმა
რთული პოზიციიდან სამქულიანი ჩააგდო და ძირითადი დროის დასრულებამდე 9 წამით ადრე ანგარიში
გაათანაბრა – 75:75.

 ყველა დამატებითი დროის მოლოდინში იყო. რუსთაველებმა
ბურთი შუიდან შემოიტანეს, ორიოდ წამი ათამაშეს, თუმცა ბაბუნაშვილმა ცეკვავას ჩაუჭრა,
მასპინძელთა ფარისკენ დაიძრა და გასცდა თუ არა სამქულიანის ნიშნულს, მიუხედავად იმისა,
რომ დრო ფარამდე მისასვლელად საკმარისი იყო, შეჩერდა, უკან გადაიხარა და დასრულებამდე
4 წამით ადრე შორეული ორქულიანი ჩააგდო – 77:75. 

 რუსთაველები ისე დაიბნენ, რომ ბურთი ხეირიანად ვერ შემოიტანეს.
ჟოლივეტ ტუჯანიმ გრძელი პასი მიაწოდა თანაგუნდელს, მაგრამ ბურთი ისე მაღლა ისროლა,
რომ ჭერს მოხვდა. ფლობა ქუთაისელებს გადაეცათ, რომლებმაც ბურთი აუღელვებლად მიაწოდეს
მატჩის გმირ ბაბუნაშვილს: რუსთაველთა მყისიერი ჯარიმა და ქუთაისელმა უკანახაზელმა კიდევ
2 საჯარიმო ჩააგდო. ანუ ბაბუნაშვილმა უკანასკნელ 9 წამში 7 ქულა ჩააგდო, რისი ანალოგიც
ქართულში კი არა, მსოფლიო კალათბურთშიც ძნელად თუ მოიძებნება.

 ბაბუნაშვილი 23 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა, 18 დააგროვა
გიორგი ბარბაქაძემ, ხოლო კიდევ ერთმა გმირმა ზაურ ფაშაევმა პირად ანგარიშზე 14 ქულა,
7 პასი და 5 ჩაჭრა ჩაიწერა. რუსთაველთაგან 18 ქულით და 7 შედეგიანი გადაცემით საუკეთესო
ბოუი გახლდათ, 14 დააგროვა ცეკვავამ, ხოლო კაელ ნელსონმა ორმაგი დუბლი შეასრულა –
11 ქულა, 10 მოხსნა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

 

დავით უსტიაშვილი, „ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი:

„სერიის მატჩები ძალიან დაძაბულად მიმდინარეობს. ყველაფერს
1 სროლა წყვეტს, ასე იყო ქუთაისსი 2 დღის წინ და ასე მოხდა დღეს რუსთავშიც. ორივე
გუნდი იმსახურებდა გამარჯვებას და სამწუხაროა, რომ საბოლოოდ ერთი ჩვენგანი ნახევარფინალს
მიღმა დარჩება. თითქმის გამოუვალი სიტუაციიდან მოვახერხეთ თავის დაძვრენა და სერიაში
ანგარიში გავათანაბრეთ. მესამე შეხვედრაში ის გუნდი გაიმარჯვებს, რომელიც ფსიქოლოგიურად
უკეთესად შეხვდება მას“.

 

 მიხეილ ბერუაშვილი, „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი:

„დასანანი მატჩი წავაგეთ. რა უნდა ვთქვა, ყველამ კარგად
ნახეთ, თუ რა მოხდა ბოლო წუთზე“.

 

ნეით ბოუი, “რუსთავის” უკანახაზელი:

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ გამარჯვებისთვის, ახლოსაც
ვიყავით მოგებასთან, მაგრამ ბოლო წუთზე საბედისწერო შეცდომები დავუშვით. ქუთაისელებმა
დიდებულად ითამაშეს, ფაშაევმა და ბაბუნაშვილმა უმნიშვნელოვანესი სროლები ჩააგდეს. ვეცდებით,
მესამე მატჩში გამარჯვებას მივაღწიოთ“.