ბაქრაძის 20 ქულა, 15 პასი და ოლიმპის გამარჯვება ცხუმ-აფხაზეთთან

ბაქრაძის 20 ქულა, 15 პასი და ოლიმპის გამარჯვება ცხუმ-აფხაზეთთან

ოლიმპიურ სასახლეში დღეს გამართული თამაშებიდან ბოლო საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. “ოლიმპმა” დაძაბულ ბრძოლაში – 97:86 (სტატისტიკა) დაამარცხა “ცხუმ-აფხაზეთი” და გათამაშების ცხრილში მე-4 პოზიცია გაიმყარა. 

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ლიდერი 11-ჯერ შეიცვალა, ხოლო 6-ჯერ თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა. საბოლოოდ კი იმ გუნდმა გაიმარჯვა, რომელმაც გადამწყვეტ პერიოდში უკეთესად ითამაშა და ეს გახლდათ დავით როგავას გაწვრთნილი “ოლიმპი”. 

გამარჯვების მთავარი ფაქტორი ოლიმპელთა გუნდური და ბოლომდე თამაში გახლდათ. თუმცა შთამბეჭდავი სტატისტიკით გივი ბაქრაძემ საკუთარ როლს ხაზი გაუსვა. ეროვნული ნაკრების წევრმა 20 ქულა და მიმდინარე სუპერლიგისთვის სარეკორდო 15 პასი გაიღო. ბაქრაძეს გვერდში არ ჰყავდა ეროვნულ ნაკრებში თანაგუნდელი კახა ჯინჭარაძე, რომელსაც ტრავმა აწუხებს და თამაშს ტრიბუნიდან უყურა. მის არყოფნაში ბაქრაძემ მეპასეობასთან ერთად ბომბარდირული თვისებებიც გამოავლინა და ოლიმპს დიდად დაეხმარა.

შესანიშნავი სტატისტიკა ჰქონდა ცხუმ-აფხაზეთის ამერიკელ ლეგიონერ მარქილ სმიტსაც – 31 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი, თუმც ამისი გარჯა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა გუნდმა კიდევ ერთი მატჩი წააგო და სუპერლიგის ცხრილში გვარიანად დაქვეითდა. 4 მოგებითა და 8 წაგებით ცხუმელები ბოლოსწინა ადგილს “კაკტუსთან” იყოფენ.

სუპერლიგის ამ ტურის ბოლო შეხვედრა ხვალ, 5 მარტს, ბათუმში გაიმართება, სადაც სათამაშოდ “ქუთაისი” ჩავა.