23 წლის ბერძენმა უკანახაზელმა, ნიკოლაოს დიპლაროსმა ევროპული კალათბურთის ერთ-ერთ გრანდ “პანათინაიკოსთან” კონტრაქტი გააფორმა. ჩვეულებრივი ტრანსფერია, თუმცა ჩვენთვის საინტერესო ის გახლავთ, რომ დიპლაროსმა გასული სეზონის საქართველოს სუპერლიგაში გაატარა.
“ბათუმი” რომ პანდემიის გამო შეწყვეტილ სუპერლიგას ლიდერობდა, ბერძენი გამთამაშებლის დიდი დამსახურებაა. დიპლაროსი აჭარულ გუნდს პირველი წრის დასრულების შემდეგ შეუერთდა და კოვიდ-პანდემიამდე 6 მატჩის ჩატარება მოასწრო. ის საქართველოს ჩემპიონატის ლიდერი იყო შედეგიან გადაცემებში. ბერძენი ლეგიონერის სტატისტიკა მატჩში საშუალოდ 18.0 ქულას, 4.2 მოხსნას, 8.2 პასს და 1.7 ჩაჭრას შეადგენდა.
დიპლაროსი საბერძნეთის ნაკრებში ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია. მან ეს ტიტული 2017 წელს მოიგო, როცა ამ ღონისძიებას 2017 წელს კუნძულმა კრეტამ უმასპინძლა. ნიკოლაოსს ბათუმამდე 5 ბერძნულ გუნდში უთამაშია – არისი, პანიონიოსი, პატრასი, დოქსა და პეტრონი. მისი გუნდში აყვანა სურდა ათენურ კლუბ ლარისას, თუმცა დიპლაროსი სინჯებზე ბერძნულმა გრანდმა მიიწვია და 3-კვირიანი დაკვირვება-გამოცდის შემდეგ მას კონტრაქტი გაუფორმა.