ბათუმის იოლი გამარჯვება კაკტუსთან

ბათუმის იოლი გამარჯვება კაკტუსთან

კვირას, რუსთავი – დინამოს მატჩით დაწყებული სუპერლიგის მე-3 ტური, დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გრძელდება. დაგეგმილი 3 მატჩიდან პირველი დასრულდა, რომელშიც „ბათუმმა“ იოლად დაამარცხა „კაკტუსი“.

ბათუმელები პირველ ტურში ისვენებდნენ, ხოლო მეორეში ქუთაისში მარცხი განიცადეს. აჭარულმა გუნდმა სოლიდური ლეგიონერები შეიმატა და მწვრთნელად სერბი სპეციალისტი ჩამოიყვანა. ამბიციაც შესაბამისი აქვს და ქუთაისში მარცხის შემდეგ მოსაგებად იყვნენ მომართულები.

„კაკტუსს“ კი 2-დან 2 მოგება ჰქონდა – არჩილ ჟღენტის გუნდმა „სოხუმი“ და „ოლიმპი“ ბრძოლაში დაამარცხა, თუმცა დღეს „ბათუმთან“ უშანსოდ იყო. სადებიუტო წუთები შედარებით თანაბარი გამოდგა, თუმცა „ბათუმი“ მალევე დაეპატრონა სრულ უპირატესობას და საწყისი მეოთხედი 30:14 მოიგო.

ანგარიში ბათუმელთა სასარგებლოდ იზრდებოდა და ბოლო პერიოდის წინ სტუმრებმა 41-ქულიან ლიდერობას მიაღწიეს. აჭარელებს უკრაინელი ლეგიონერები – ლეონიდ სტეპანიშინი (23 ქულა) და ილია შემოსიუკი (22 ქულა) ლიდერობდნენ, თუმცა სტუმრები მთლიანობაში ძალიან გამართულად და გუნდურად თამაშობდნენ. ამერიკელმა უკანახაზელმა სპენსერ კოლინზმა 17 ქულა, 4 ჩაჭრა და 4 პასი მიითვალა, ხოლო მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი სერბმა ცენტრმა, სტეფან ანდრეშევიჩმა მიითვალა – 12 ქულა, 10 მოხსნა.

„კაკტუსში“ 11 ქულით კრისტიან ჯონსონი გამოირჩა. 10 ქულა დავით ლომიძის ანგარიშზე დაგროვდა. მომდევნო მატჩში ერთმანეთს „სოხუმი“ და მარნეულის „დელტა ხვდებიან“.

მატჩისშემდეგომი კომენტარები

არჩილ ჟღენტი, „კაკტუსის“ მთავარი მწვრთნელი:

„ასეთ წაგებას არ ველოდით, მაგრამ გუნდმა მთლიანად ჩააგდო თამაში. პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე ვიღებ. ალბათ იყო ისეთი რამ, რაც არ უნდა ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ, ხარვეზებს გამოვასწორებთ.“

ვლადიმირ ბოსნიაკი, „ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი:

„გახარებული ვარ პირველი გამარჯვების მოპოვების გამო. ძალიან დიდი სიურპრიზი იყო, ჩემი გუნდისგან ასეთი კარგი თამაში. გულახდილად გეტყვით, ქუთაისში წაგების შემდეგ მეშინოდა დღვანდელი მატჩის, რადგანაც მეტოქე საკმაოდ ძლიერი იყო. მოკლე დროში ჩვენმა გუნდმა მოახერხა რეაბილიტაცია და წინ კიდევ გვაქვს სამუშაო. ჩვენმა გუნდმა უნდა ისწავლოს მოგება და გააუმჯობესოს შედეგები“.