ბათუმმა კავკასიას მეოთხედფინალური სერია გაუთანაბრა

ბათუმმა კავკასიას მეოთხედფინალური სერია გაუთანაბრა

სუპერლიგის მეოთხედფინალურ სერიაში ბათუმმა კავკასიასთან მოედნის უპირატესობა მოიპოვა. მოგეხსენებათ, გუშინ გამართული შეხვედრა ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა კავკასიელებმა მოიგეს და სერიაში დაწინაურებასთან ერთად, მოედნის უპირატესობა შეინარჩუნეს. დღეს კი, სერიის მეორე მატჩში, ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა ბათუმმა დაძაბულ ბრძოლაში – 81:75 (სტატისტიკა) სძლია კავკასიას და მოედნის უპირატესობა მოიპოვა.

თამაში თავიდანვე თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, პირველი პერიოდის შემდეგ ანგარიში 19:19 იყო. ვერც ერთმა გუნდმა ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვება ვერ მოახერხა. მეორე პერიოდიდან ბათუმელებმა აქცენტი ინდივიდუალურ თამაშზე გააკეთეს. კაილი რიდლიმ, რომელიც აჭარული გუნდის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, სწრაფი გარღვევებით ქულების ხვეჭის საიმედო გზას მიაგნო და სტუმართა დაწინაურება უზრუნველყო. მეორე პერიოდი ზღვისპირელებმა 22:13 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 9-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 31:22.

კავკასია არ გატყდა და მესამე პერიოდში ჩამორჩენა გააბათილა. ლევან გოგიჩაიშვილის შედეგიანმა თამაშმა მასპინძლებს კარგი სამსახური გაუწია – კავკასიამ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა და თამაშის ბედის გადაწყვეტა ბოლო პერიოდზე გადაიდო. ასეც მოხდა, ბოლო წუთებამდე თანაბარი თამაში გაგრძელდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ბათუმელებმა მეტი სიზუსტე გამოავლინეს და გამარჯვებამდე მივიდნენ. 

ბათუმში 28 ქულით საუკეთესო იყო კაილი რიდლი. 17 ქულა ჯორდან სეშენმა მოაგროვა. 13 ქულა ახალგაზრდა გიორგი ოჩხიკიძის ანგარიშზეა. კავკასიაში 18 ქულით საუკეთესო იყო ჯასტინ ფორესტი. 16 ქულა მიითვალა ლევან გოგიჩაიშვილმა, კრის მაკნილის ანგარიშზე კი 15 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა.

სერიის მომდევნო, მესამე და მეოთხე მატჩები ბათუმში – 24 და 25 აპრილს გაიმართება.