პარასკევს დაწყებული სუპერლიგის მე-12 ტური დღეს ოლიმპიურ სასახლეში გრძელდება. დაგეგმილი 5 შეხვედრიდან პირველი დასრულდა, რომელშიც ერთმანეთს სუპერლიგის აუტსაიდერი მგზავრები და ბათუმი შეხვდნენ. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ მგზავრებს მიმდინარე სეზონში ყველაზე ნაკლები – 3 მოგება აქვს და ყოველი მატჩი ამ გუნდისთვის ოქროდ ფასობს.
მგზავრებმა დიდი მონდომებით დაიწყეს თამაში და სადებიუტო ჩამორჩენის შემდეგ ჯერ თამაში გაათანაბრეს, პირველი პერიოდის ბოლოს წინაც გავიდნენ – 21:20. მეორე პერიოდში ბერიშვილის გუნდი ისე ათამაშდა, 17-ქულიან ლიდერობას დაეპატრონა. ჯეიდენ ფრედერიკის ორქულიანის შემდეგ მგზავრები 41:24 დაწინაურდნენ, რაც გამარჯვებაზე სოლიდური განაცხადი გახლდათ.
ზღვისპირელთა მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა წუთშესვენება აიღო და თავისიანებს დარიგებები მისცა, რასაც ბათუმელები ზუსტად მისდევდნენ და შედეგად ჩამორჩენის შემცირება იწყეს. მეორე პერიოდის დარჩენილ დროში სწრაფი შეტევებითა და ზუსტი შორი სროლებით აჭარულმა კლუბმა დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა.
მესამე პერიოდში ბათუმელებმა გაილაღეს და ჯერ ჩამორჩენა ბოლომდე გააბათილეს, შემდეგ წინაც გავიდნენ. მესამე პერიოდის 21:10 მოგების შემდეგ სტუმრები გალიდერდნენ და თამაშის დარჩენილი დრო ისე ჩაამთავრეს, მეტოქე ახლოს არ გაიკარეს. საბოლოოდ ბათუმმა 75:64 (სტატისტიკა) იმარჯვა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.
აჭარელებს 13 ქულით, 15 მოხსნითა და 8 პასით ნიკოლა ვუიოვიჩმა ულიდერა. 17 ქულა და 5 პასი ანტუან ჯონსონმა მიითვალა, ბექა ბექაურის ანგარიშზე 15 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა. მგზავრებში 18 ქულითა და 15 მოხსნით საუკეთესო იყო სოსო გოგნაძე, 17 ქულა და 9 მოხსნა ტეილორ ედვეიმ მიითვალა.