ბათუმმა ქუთაისს მთავარი მწვრთნელის გარეშე მოუგო (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ბათუმმა ქუთაისს მთავარი მწვრთნელის გარეშე მოუგო (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 სტატისტიკა 

ბათუმში დღეს
სუპერლიგის მე-4 ტური საინტერესო და დაძაბული მატჩით დაიწყო. რეგიონულ დერბიში
“ბათუმმა” “ქუთაისს” უმასპინძლა და 2 ქულის სხვაობით – 87:85 დაამარცხა.

მიხეილ კობეშავიძის
გაწვრთნილმა ზღვისპირულმა გუნდმა მიმდინარე სეზონის პირველი პრინციპული მატჩი მოიგო.
ოკეანგაღმელი ლეგიონერებით გაძლიერებულმა “ბათუმმა” წინა ტურში “დინამოსთან”
მინიმალური სხვაობით წააგო, ხოლო იმის წინა შეხვედრა შინ”არმიასთან” დათმო.
დღეს ბათუმს კიდევ ფავორიტი- “ქუთაისი” ესტუმრა, რომელსაც მხარდამჭერთა დიდი
ჯგუფიც ჩაჰყვა.

ბათუმელები მთავარი
მწვრთნელის, მიხეილ კობეშავიძის გარეშე იყვნენ, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო
თამაშზე არ იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა მოახერხეს და იმერულ გუნდს
ღირსეული ბრძოლა გაუმართეს. ბათუმელებს თავიდან უჭირდათ და პირველი მეოთხედი 4 ქულის
სხვაობით – 27:31 დათმეს. მეორე პერიოდიდან კი ამერიკელმა და კანადელმა ლეგიონერებმა
საკუთარი თამაში იპოვეს და მასპინძლებმა გარდატეხა მოახდინეს.

ძალიან საჭირო
იყო ვანო მაისურაძის 2 სამქულიანი მეორე პერიოდის შუაწელში, როცა ბათუმელებმა ლიდერობა
მოიპოვეს. მეორე პერიოდის 29:19 მოგების შემდეგ დიდი შესვენებისთვის მასპინძელთა
6-ქულიანი ლიდერობა დაფიქსირდა – 56:50. მეორე ტაიმში ქუთაისელებმა  მოახერხეს თამაშის გათანაბრება, რაშიც ლომის წილი
აკაკი დვალიშვილს, გოგა ცეკვავას და ზაურ ფაშაევს მიუძღვით.

გადამწყვეტი პერიოდი
ბათუმელთა 5-ქულიანი ლიდერობით განახლდა და ცხადი იყო, ყველაფერი ბოლო 1-წუთეულში უნდა
გადაწყვეტილიყო. ბოლო წუთამდე გაურკვეველი იყო, თუ რომელი გუნდი იმარჯვებდა. თამაშს
საკუთრ თავზე იღებდა კანადელი ჯუნიორ კადუგანი, რომელმაც საბოლოოდ შეხვედრა 26 ქულითა
და 10 პასით დაასრულა. მისი და 2 ამერიკელი ლეგიონერის – ჯერომი სეფოლდისა და ჯემი
ჯექსონის აქტიურობით ბათუმელებმა მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა მოახერხეს – 87:85.

კოდუგანის კვალად
19-19 ქულა მოაგროვეს ჯექსონმა და სეფოლდმა, ყველაზე შედეგიანი ქართველი კი ბათუმელთაგან
ავთანდილ ელიკაშვილი გამოდგა – 7 ქულა. სუპერლიგის მე-4 ტურის დარჩენილი 3 მატჩი ხვალ,
9 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. 
მატჩისშემდგომი კომენტარები 
ლაშა ოჩხიკიძე(,,ბათუმის” მწვრთნელი):
ძალიან დაძაბული და საინტერესო შეხვედრა გამოდგა. მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ
და ეს როგორც ლეგიონრების, ისე ქართველი მოთამაშეების დამსახურებაა. ბიჭები განსაკუთებით
ემზადებოდნენ ამ თამაშისთვის, ყველამ მაქსიმუმი გააკეთა და იმედებიც გაამართლეს. რაც
შეეხება მეტოქეს, მათ ძალიან კარგად იასპარეზეს, განსაკუთებით ცეკვავას და დვალიშვილის
თამაშს გამოვარჩევდი.

მედეა მხეიძე(,,ქუთაისის” მწვრთნელი):
ძალიან კარგი და დაძაბული თამაში ვიხილეთ. ,,ბათუმი”
დალაგებულ კალათბურთს თამაშობს და 3 ძლიერი ლეგიონერი ჰყავთ. ჩვენი მხრიდან, უკანა
ხაზმა ითამაშა საკმაოდ კარგად, დაცვაში ასევე ძლიერად იასპარეზეს ცეკვავამ და ფაშაევმა.
თუმცა, საკმარისი არ აღმოჩნდა. წინა თამაშებში უკეთესი პროცენტით ვესროდით, დღეს საჯარიმოები
საკმაოდ არასტაბილურად ვესროლეთ და ფაქტობრივად, ამან განაპირობა ჩვენი 2 ქულით დამარცხება.