სუპერლიგის მე-8 ტური, რომელიც შაბათს თბილისში დაიწყო, დღეს რუსთავში გაგრძელდა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა ქვემოქართლურმა გუნდმა ბათუმს უმასპინძლა. ორივე გუნდს 3 მოგება და 3 მარცხი ჰქონდა, ცხრილის შუაში გვერდი-გვერდ იყვნენ და შესაბამისად, შედეგს ორივესთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
წინა ტურში ბათუმელებს შინ რაშთან ჰქონდათ წაგებული, ხოლო რუსთავმა თავისი შეხვედრა გურჯაანში, დელტასთან დათმო. რეაბილიტაცია ორივე მათგან ესაჭიროებოდა, მით უფრო, რომ რუსთავსაც და ბათუმსაც მინიმუმ ოთხეულში მოხვედრის პრეტენზია აქვთ. თამაშიც შესაბამისად დაძაბული გამოვიდა. რუსთავის დარბაზი, ცხადია, სავსე იყო და საკუთარ გუნდს მხურვალედ ქომაგობდა.
ბათუმი მასპინძლებს თავიდანვე მაგრად დაუდგა. ბუბა ბერიშვილის გუნდი რუსთავს სისწრაფეშიც აჰყვა და შორ სროლებში აჯობა კიდეც. ქვემოქართლელებს უპირატესობა მხოლოდ ფარქვეშ ჰქონდათ – მათი ამერიკელი ცენტრი, სეთ მაქსველი ფაქტობრივად შეუჩერებელი იყო და ამ მატჩში დაგროვილი 36 ქულით მიმდინარე სუპერლიგის რეკორდს 1 ქულით მიუახლოვდა.
რომ არა პერიმეტრიდან სიზუსტე, რუსთაველების ბათუმელები ვერ გააჩერებდნენ. პირველი პერიოდი რუსთავმა 28:23 მოიგო და სხვაობა უფრო დიდი იქნებოდა, რომ არა რევაზ როგავას სამქულიანები. მეორე პერიოდიდან ზღვისპირელებმა პოზიციური თამაშიც დაალაგეს და დიდი შესვენებისთვის 5-ქულიანი ჩამორჩენა მინიმალურ, მაგრამ მაინც ლიდერობად აქციეს – 46:45.
მესამე პერიოდიდან თანაბარი ბრძოლა წავიდა. ვერც ერთი გუნდი ხელჩასაჭიდი ლიდერობის მოპოვებას ვერ ახერხებდა. ძირითადად ბათუმი ლიდერობდა, თუმცა 1,2, ხანაც 3 ქულით. ბოლო პერიოდში წარმატების ისარი ბათუმისკენ კიდევ უფრო გადაიხარა და ამის მიზეზი ის სამქულიანები გახლდათ, რომლებიც რუსთაველთათვის სრულიად მოულოდნელი იყო. სეთ მაქსველთან ფარქვეშ თამაშში ხეირი რომ ვერ ნახა, ვახტანგ ქადარია პერიმეტრზე აიწია და 2 უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო. მთლიანობაში მან 3-დან 3 სამიანი მიითვალა, რაც ასეთ თანაბარ თამაშში უაღრესად დიდი ბონუსი იყო.
ბოლო წუთებზე სწორედ ქადარიას და როგავას სამქულიანებით ბათუმი წინ ისე გაიჭრა, დარჩენილ მცირე დროში რუსთაველთათვის მიუწვდომელი გახდა. საბოლოოდ შეხვედრა აჭარული კლუბის გამარჯვებით – 96:89 (სტატისტიკა) დასრულდა, რაშიც 19-19 ქულიანი წილი ქადარიამ როგავამ დაიდეს. 15-15 ქულა ოთარ ბულიავამ და დაველ რობიმ მიითვალეს. რუსთავში 36 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო იყო სეთ მაქსველი. 21 ქულითა და 12 პასით დემარ კინგი გამოირჩა.