გუშინ თბილისში 4 მატჩით დაწყებული სუპერლიგის მორიგი ტური დღეს ბათუმში დასრულდა. აჭარული გუნდი დაკარგული ქულებით ჩემპიონატის ლიდერ “ქუთაისს” შეხვდა და ბევრისთვის მოულოდნელად დიდი სხვაობით დაამარცხა. მიმდინარე სუპერლიგაში ერთადერთი წაგების მქონე ქუთაისელები ბათუმში უშანსოდ დამარცხდნენ – კოტე ტუღუშის გუნდმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია ცხრილის შუაში მყოფ ზღვისპირელებს და საბოლოოდ 25 ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა – 98:73 (სტატისტიკა).
მასპინძელთაგან დიდებულად ითამაშა სოსო გოგნაძემ, რომელსაც ეროვნული ნაკრების 2 წევრთან – აკაკი დვალიშვილთან და გიორგი კორსანტიასთან უწევდა პაექრობა. ბათუმელთა ცენტრმა თამაშიდან ნასროლი 11 ბურთიდან 10 ჩააგდო, რასაც 8-დან 6 საჯარიმო მოაყოლა და შეხვედრა 26 ქულით და 10 მოხსნით დაასრულა. შესანიშნავად გაისარჯა ბათუმელთა ახალწვეული კაილ რიდლი – 22 ქულა და 11 მოხსნა. კიდევ ერთმა ახალწვეულმა – დე ანჯელო სტიუარტმა ბათუმელებს 16 ქულა მიაშველა.
“ქუთაისში” საუკეთესო იყო აკაკი დვალიშვილი, რომელმაც 17 ქულა, 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. 17 ქულა მიითვალა სტივენ ფლეჯერმა, ხოლო ადრიან ბოუის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა. 9 მოგებითა და 2 მარცხით “ქუთაისი” მე-3 ადგილამდე დაქვეითდა. მის წინ თითო თამაშით მეტის მქონე “ვერა” (9-3) და თსუ-ა (10-2).