ბათუმმა თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს სძლია

ბათუმმა თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს სძლია

უშუალო კონკურენტების მატჩი, რომელშიც თსუ-მ “ბათუმს” უმასპინძლა, სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა ზღვისპირელებმა პრინციპულ მეტოქესთან მძიმე დაპირისპირება კლასიკურად მოიგეს, რაც იმაში გამოიხატება, რომ თითქმის უიმედო მდგომარეობაში მყოფებმა გამართული, დალაგებული და მიზანმიმართული თამაშით მძლავრ მეტოქეს საქმე მალევე მოუთავეს.

თსუ ამბიციური და არავისზე ნაკლები გუნდი რომ არაა, შემადგენლობიდან ჩანს. ლექსო ლაფანაშვილის გუნდს ეროვნული ნაკრების 3 მოთამაშე – გიორგი ცინცაძე, ბექა ბექაური და მიხეილ ბერიშვილი ჰყავს, რომლებსაც სუპერლიგის მთავარი მექულე (25.8 საშუალოდ) ჯიმონ ჰენსონი და პორტუგალიის უმაღლესი ლიგიდან გადმოსული მალკოლმ დრამრაითი დაუმატეთ, რომ არაფერი ვთქვათ კიდევ 2-3 სოლიდური კლასის მოთამაშეზე. ასეთი შემადგენლობით თსუ-ს სამართლიანად აქვს ჩემპიონობის ამბიცია, თუმცა მიმდინარე სუპერლიგაში ცხრილში მეზობელ გუნდებთან უჭირს და აქამდე ჩატარებული 16 მატჩიდან მოგება-წაგებები თანაბრად აქვს.

მესამე პერიოდის ახალგაწყებულზე ბათუმი 40:36 იგებდა, თუმცა თსუ-მ თავისი რეალური ძალა გამოაჩინა, როცა 3-წუთეული 12:0 მოიგო და 48:40 გალიდერდა. თავი ჯიმონ ჰენსონმა, მიხეილ ბერიშვილმა და ბექა ბექაურმა გამოიჩინეს. ბათუმმა აქ ტაქტიკა შეცვალა და გაუმართლა. სტუმრებმა დაცვის მარყუჟები მოუჭირეს, რომლის დაძლევაც თსუ-ს უჭირდა და ახლა უკვე ბათუმელებმა მოაწყვეს გაქცევა და ბოლო პერიოდს ლიდერის ამპლუაში შეხვდნენ – 58:56.

ბოლო მეოთხედში ბრძოლა იყო მოსალოდნელი, თუმცა ბათუმელებმა ისე კარგად ითამაშეს, რომ შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე თამაშის ბედი გადაწყდა. აჭარულმა გუნდმა 18-ქულიან ლიდერობას მიაღწია, რისი გაბათილებაც არათუ თსუ-ს, ნებისმიერ გუნდს გაუჭირდებოდა. ბათუმელების წარმატების იარაღი მეტი შრომა და ნაკლები გამართლებაა. კარგი დაცვის ფონზე ზღვისპირელებს ქულების მოპოვება უიოლდებოდათ და ლიდერობას მანამ ზრდიდნენ, სანამ გული სამშვიდობოს არ დაიგულეს.

საბოლოოდ 86:80 (სტატისტიკა), ბათუმმა  გიმარჯვა და 7 წაგების წილ 8 მოგება დააგროვა. ზღვისპირელებს 32 ქულითა და 7 მოხსნით კაილი რდლიმ ულიდერა. 14 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი ბრენდონ ელსტონმა მიითვალა. ჯორდან სეშენსის ანგარიშზე 13 ქულა, 6 მოხსნა და 4 დაფარება დაგროვდა. თსუ-ში 33 ქულით ბომბარდირი გახდა ჯიმონ ჰენსონი. ყველაზე სასარგებლო კი 17 ქულითა და 12 მოხსნით ბექა ბექაური გახდა.