სუპერლიგის მე-3 ადგილის მფლობელი გახდა საკალათბურთო კლუბი “ბათუმი”. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა ზღვისპირულმა კლუბმა დაძაბულ ბრძოლაში 88:83 (სტატისტიკა) დაამარცხა თსუ და ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა. ამრიგად, ბათუმელებმა მიმდინარე სეზონში თასის გათამაშების მოგების შემდეგ სუპერლიგის საპრიზო ადგილი დაიკავეს. ბათუმელთა მთავარი მწვრთნელისთვის, რომელმაც გუნდი ამ სეზონის წინ ჩაიბარა, კარიერაში მეორე ბრინჯაოს მედალი გახლდათ. მწვრთნელის რანგში ბუბა ბერიშვილმა ბრინჯაოს მედლები 4 წლის წინ “მგზავრებშიც” მოიგო.
მატჩს რაც შეეხება, საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ბათუმელებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს. ბუბა ბერიშვილის გუნდი თავიდანვე წინ გავიდა და მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდა. თსუ-ს კალათბურთელები გათანაბრებას ცდილობდნენ, თუმცა მაქსიმუმი, რაც მოახერხეს, ჩამორჩენის მინიმუმამდე შემცირება მოახერხეს. ეს მოხდა ბოლო პერიოდში და გაჩნდა მოლოდინი, რომ უნივერსიტეტელები მოახერხებდნენ დაწინაურებას და დაძაბულ დასკვნით წუთებს ვიხილავდით. ამან არ გაამართლა. ბათუმელთა გუნდურმა თამაშმა, კარგმა დაცვამ და ცოტათი გამართლებამ ის შედეგი მოიტანა, რომ ბოლო წუთზე ზღვისპირელები 5 ქულით დაწინაურდნენ და მეტოქისთვის მიუწვდომელნი გახდნენ.
ბათუმელთაგან საუკეთესო შედეგი ბექა ბექაურს ჰქონდა, რომელმაც 26 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა. 13 ქულა და 8 პასი საბა ლობჯანიძემ მოაგროვა, ხოლო რეზო ჩაჩანიძის, კაილი რიდლისა და სპენსერ კოლინსის ანგარიშზე 10-10 ქულა დაგროვდა. თსუ-ში 19 ქულით, 8 პასითა და 4-4 მოხსნა-ჩაჭრით საუკეთესო იყო ლოველ ქაბილი, 16-16 ქულა ნიკოლოზ დარბაიძისა და მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე დაგროვდა.
მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. ბათუმელთა გუნდის წევრები, მენეჯერები და მომსახურე პერსონალი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთაშორისო ღონისძიებებისა და კალათბურთის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი ზაბახიძემ დააჯილდოვა.