„რუსთავმა“ მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელი „არმია“
დაამარცხა. ასეთი დაძაბული და ემოციებით გაჯერებული მატჩი რამდენიმე წელია, რუსთავში
აღარ გამართულა.
მიხეილ ბერუაშვილის გუნდმა არმიელები ბრძოლისა და თავდადების ხარჯზე
დაამარცხა.
ქების ღირსია რუსთაველთა ამერიკელი გამთამაშებელი ნეით
ბოუი, რომელსაც გამარჯვებაში ლომის წვლილი მიუძღვის. ბოუიმ
მესამე მეოთხედში 14 ქულა მოაგროვა და რუსთაველებს ათწუთეული 26:12 მოაგებინა. დიდი
შესვენებისთვის რუსთაველები 10 ქულით აგებდნენ, თუმცა ბოუის „აფეთქების“ შემდეგ, ბოლო
მეოთხედის წინ, 58:54 დაწინაურდნენ.
მასპინძლებმა მოგებისკენ დიდი ნაბიჯი კი გადადგეს, მაგრამ
საქმე, რა თქმა უნდა, არ იყო მოთავებული. მეტიც, არმიელებს სოლიდური უპირატესობა გამოეცალათ
ხელიდან და ბოლო მეოთხედის წინ ჩამორჩნენ. ამიტომაც, მასპინძლებს უმძიმესი ათწუთეული
ელოდათ, რომელიც, ბერუაშვილის შეგირდებმა გმირულად გადაიტანეს და საამაყო გამარჯვება
მოიპოვეს – 79:77.
ბოლო პერიოდში თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა, მაგრამ რუსთაველებმა უპირატესობა არათუ გაფლანგეს, გუნდური თამაშის წყალობით
ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარეს. ქვემოქართლელთა მეორე ამერიკელი კაილ ნელსონი სტაბილურად
ათამაშდა და არაერთი საჭირო ბურთა ჩააგდო. იგივე ითქმის რევაზ ათანელიშვილსა და გოგა
ცეკვავაზე, რომელთა სიზუსტემაც რუსთაველებს თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე 7-ქულიანი
უპირატესობა მოუპოვა – 74:67.
არმიელები ტაქტიკურ ჯარიმებზე გადავიდნენ, რუსთაველები
კი ზუსტად ვერ ესროდნენ. ამას ისიც დაერთო, რომ ირაკლი საყვარელიძემ და მარკუს ფეისონმა
სამქულიანები ჩააგდეს და ტუღუშის გუნდმა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. ბურთი „არმიას“
ჰქონდა და მატჩის დასრულებამდე 18 წამი რჩებოდა, მაგრამ შეტევაში კურტის მილიჯმა ბურთი
დაკარგა. არმიელებს მაინც მიეცათ მატჩის გადარჩენის შესაძლებლობა, მაგრამ მარკუს ფეისონის
შორეული ორქულიანი მიზანს ასცდა და „ქიმიკოსთა“ დარბაზში უდიდესმა სიხარულმა დაისადგურა.
ნეით ბოუი 31 ქულით მატჩის გმირი გახდა, ნელსონმა
15 მოაგროვა, ხოლო ათანელიშვილის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა. უდიდესი სამუშაო გასწია
რუსთაველთა კამერუნელმა ფორვარდმა ჟოლივეტ ტუჯანიმ, რომელმაც 9 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.
„არმიაში“ 18 ქულა ჰქონდა იოაკიმ შელბომს, ხოლო საყვარელიძემ პირად ანგარიშზე 16 ქულა
ჩაიწერა.
ეს გახლდათ ტუღუშის გუნდის მეორე მარცხი მიმდინარე ჩემპიონატში,
ხოლო რუსთაველებმა ზედიზედ მეორე ფავორიტი დაამარცხეს. ბერუაშვილის გუნდმა 1 კვირის
წინ ქუთაისში იმარჯვა, ხოლო დღეს მოქმედი ჩემპიონის
ძლევით საკუთარ ამბიციებს უფრო სოლიდური სახე მისცა.
მე-8 ტურის დარჩენილი 4 შეხვედრა ხვალ, თბილისის სპორტის
სასახლეში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
მიხეილ ბერუაშვილი (რუსთავი): ვულოცავ რუსთაველებს ამ გამარჯვებას. ძალიან გახარებულები
ვართ არა მარტო იმით, რომ გავიმარჯვეთ, არამედ იმითაც, რომ გუნდმა ზუსტად შეასრულა
ის დავალება, რაც მიღებული ჰქონდა. ჩვენმა მუშაობამ და ვარჯიშმა შედეგი გამოიღო, ბიჭებს
და მთელს გუნდს დაუფასდა ის შრომა, რაც ბოლო პერიოდში გავწიეთ. ეს იყო პრინციპული გამარჯვება,
მაგრამ წინ გაცილებით პრინციპული მატჩები გველის.
კოტე ტუღუში (არმია): მივულოცავ რუსთავის გუნდს გამარჯვებას, ჩვენზე ბევრად
უკეთ იასპარეზა. რაც შეგვეხება ჩვენ, პირველი ტაიმი კარგად დავიწყეთ, თუმცა მეორე ნახევარში
ჩვენთვის ცუდად განვითარდა მოვლენები. აშკარაა, რომ გუნდი კრიზისშია და საჭიროა რომ
მომავალ მატჩებში ერთსულოვანი და გუნდური თამაში ვაჩვენოთ.
ანატოლი ბოისა (არმია): პირველ რიგში ვულოცავ რუსთაველებს ამ გამარჯვებას.
რაც შეეხება ჩვენს თამაშს, ბევრი შეცდომები გვქონდა დაცვაში, ასევე შეტევაში და ეს
ყველაფერი შედეგზეც აისახა. გადამწყვეტ მომენტში ჩამოვრჩით და ვეღარ მოვახერხეთ მატჩის
გადარჩენა.