დამაჯერებელი გამარჯვება მეგასთან და რუსთავი სუპერლიგის თავშია

დამაჯერებელი გამარჯვება მეგასთან და რუსთავი სუპერლიგის თავშია

ქუთაისში 4 ნოემბერს დაწყებული სუპერლიგის მე-3 ტური შაბათს რუსთავში გაგრძელდა. ქვემო ქართლს თბილისის მეგა ესტუმრა და შესაბამისად, დიამეტრულად განსხვავებული სტარტის მქონე გუნდების დაპირისპირება მივიღეთ: ერთის მხრივ ორივე მოგების მქონე რუსთავი და მეორეს მხრივ ორივე ტურში დამარცხებული მეგა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა ქვემოქართლურმა გუნდმა მოგებათა სერია გააგრძელა და სუპერლიგის პირველ ადგილზე ერთპიროვნულად განთავსდა, რაც გვარიანი სტიმულია სანაკრებო ფანჯრის წინ ეროვნული ნაკრების მწვრთნელისთვის, რომელიც რეიკიავიკში ჩინებულ ხასიათზე მიემგზავრება, სადაც საქართველოს ზეპრინციპული მატჩი ელის კერკეტ ისლანდიასთან.

რუსთავში ამ სეზონში საკმაოდ დაბალანსებულ, მობილურ, გამრჯე შემადგენლობას მოუყარეს თავი. ქვემოქართლური გუნდი ყოველთვის იმით გამოირჩეოდა, რომ სეზონის დასაწყისშივე მოიწვევდა 3-4 ლეგიონერს და გუნდიც არცთუ უშედეგოდ მიუყვებოდა სუპერლიგას – ხან მესამეზე გავიდა, ხან შუაში ტრიალებდა, ხან ლიგაში დასარჩენად იბრძოდა, 2020-2021 წლების სეზონში კი 11-წლიანი პაუზის შემდეგ სულაც ჩემპიონი გახდა. 

ამჯერად რუსთავმა მხოლოდ 1 ლეგიონერით დაიწყო სეზონი, ხოლო მეგასთან მატჩში გუნდში მეორე ამერიკელის – ტრეი კროფტის დებიუტი შედგა, თუმცა აღსანიშნავია, რომ არც ერთ მათგანი არ ასრულებს ლიდერის ფუნქციებს. გუნდის გამწევ ძალას ქართველები და რაც ყველაზე პროგრესული და მისასალმებელია, ახალგაზრდები წარმოადგენენ, რომელთა შორისაც რუსთაველებიც არიან. გუნდმა მოიწვია ეროვნული ნაკრების კანდიდატი, 24 წლის ლუკა ბულაშვილი, მისი კბილა, ბათუმელი ლევან ბაბილოძე, გამოცდილი უკანახაზელი რევაზ როგავა და 21 წლის ანზორ ნადირაძე. დანარჩენი ყველა რუსთაველია, რომელთაგან გუნდის არიერგარდში დგანან გუგა პატაშური, ზურა ვაშაკიძე და დავით ლორია, ხოლო გამოცდილი აკაკი დვალიშვილი, რომელიც ფეხზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადის, დაბრუნების მიჯნაზეა და დღე-დღეზე ჩადგება რუსთავის ლიდერთა რიგებში. აღსანიშნვია გუნდში 3 რუსთაველი თინეიჯერის ყოფნა – დავით ჩხეიძე, ლევან ტურაშვილი და ნიკა ჯანყარაშვილი. 

მეგასთან დაპირისპირება რუსთაველებმა ერთი ამოსუნთქვით მოიგეს. ბოისას გუნდი ისე სწრაფად, დალაგებულად და რაც მთავარია, ზუსტად თამაშობდა, რომ მეტოქეს წარმატების შანსი არ ჰქონია. თამაში მასპინძლებმა 15:0 გაქცევით დაიწყეს და ანგარიში ამაზე ნაკლები სხვაობა 1-2-ჯერ თუ დაფიქსირდა. მასპინძლებმა 16 სამქულიანი ჩააგდეს, თუმცა ფარქვეშაც არ დააკლეს მეტოქეს ხელი. ეივერი დიგსი იყო შეუჩერებელი, რომელმაც 21 ქულა (+11 მოხსნა) ისე გაიფორმა, თამაშიდან და საჯარიმოდან თითო სროლა ააცილა. ლუკა ბულაშვილმა მატჩში ჩაგდებული 21 ქულიდან 10 მეორე პერიოდში მიითვალა და რუსთაველებს ორმაგი ანგარიშით (46:23) დაწინაურებაში დაეხმარა.

ამის შემდეგ თამაშმა სპორტული ინტერესი დაკარგა, რადგან გამარჯვებულის ვინაობა ცხადი გახდა და შეხვედრაც რუსთაველი ქომაგებისთვის სასურველ და თვალსასეირო სანახაობად გადაიქცა. მატჩის ბოლომე მაყურებელმა არაერთი მოხდენილი ეპიზოდი იხილა როგორც თანაქალაქელი, ისე მოწვეული კალათბურთელების შესრულებით. შეხვედრის საბოლოო ანგარიშია 105:74 (სტატისტიკა), რითაც ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა გუნდმა მიმდინარე სეზონის რამდენიმე რეკორდი დააფიქსირა:

რუსთავი პირველი გუნდია, რომელმაც მატჩში 100 ქულას უწია და ყველაზე დიდი სხვაობით გაიმარჯვა. რუსთაველებმა ყველაზე მეტი – 31 შედეგიანი გადაცემა გააკეთეს, სამქულიანები ყველაზე მაღალი (57 %) პროცენტულობით ჩააგდეს, ხოლო რაოდენობით (16 სამქულიანი) “ტიტების” “მეგასთან” მეორე ტურში ნაჩვენები შედეგი გაიმეორეს. 

რუსთავი ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში 3 მატჩი აქვს ჩატარებული და სამივე მოგებული. სუპერლიგის მე-3 ტურის დარჩებილი 3 შეხვედრა 6 ნოემბერს, თბილისი არენაზე გაიმართება.

ფოტო: მირიან ჩხეიძე