,,დამატებითი დრო” დინამოს მოთამაშეებთან

,,დამატებითი დრო” დინამოს მოთამაშეებთან

სუპერლიგის მეორე წრე  ძალიან საინტერესოდ და დაძაბულად მიმდინარეობს. კლუბები კიდევ უფრო
გაძლიერდნენ, ლეგიონერებიც უფრო მეტად მომრავლდნენ და წინ არაერთი საინტერესო და სანახაობრივი
მატჩი გველის.

რუბრიკა ,,ოვერტაიმი“ ამჯერად თბილისის ,,დინამოს“ მოთამაშეებს დუდა
სანაძესა და სერბ ლეგიონერ მილან ოულიჩს გაგაცნობთ და მათზე დამატებით ინფორმაციას
მოგაწვდით.

 მილან, მოკლედ
გვაიამბეთ თქვენს შესახებ …

– მილან ოულიჩი: დიდი
ოჯახი მყავს, მშობლები, ძმა და მისი 3 შვილი. დაოჯახებული ჯერჯერობით არ ვარ. კალათბურთს
ბავშვობიდან ვთამაშობ. პირველად ხელში კალათბურთის ბურთი ავიღე და აღარც გამიშვია.
მას შემდეგ სულ ვთამაშობ. სპორტის ეს სახეობა ძალიან პოპულარულია სერბეთში, სადაც ყველა
უბანში შეხვდებით კალათბურთის მოედანს. ჩვენს ქვეყანაში კალათბურთი ნომერ პირველი სპორტია
და ალბათ ამანაც დიდი გავლენა იქონია ჩემზე.

– რამ
განაპირობა თქვენი
საქართველოში ჩამოსვლა და აქ ასპარეზობა?

– საქართველოში
ჩამოსვლა ჩემს აგენტთან და ალექსანდრე ზესევიჩთან ერთად გადავწყვიტე, რომელიც ახლა
ჩემი თანაგუნდელია. მათთან საუბრის შემდეგ ჩავთვალე რომ საქართველოში კალათბურთი აღმავლობის
გზაზეა. ქართველი მოთამაშეები ევროპაში წარმატებულად ასპარეზობენ,  თქვენი  ნაკრებმა კი ჩინებული შედეგი აჩვენა ევროპის ჩემპიონატზე.
ვიფიქრე, რომ  სუპერლიგაში ასპარეზობით საკუთარ
თამაშს კიდევ უფრო დავხვეწავდი და გამოცდილებასაც მივიღებდი. იმედია, ჩემი აქ ყოფნით
ჩემს გუნდსაც მოვუტან სარგებელს.

–  აქამდე საქართველოზე რამე გსმენოდათ?

–  ვიცოდი რომ ქართველებსა
და სერბებს ბევრი საერთო ჰქონდათ, რაშიც აქ ჩამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო დავრწმუნდი.
საქართველო ერთ ერთი უძველესი ქვეყანაა. მეტ-ნაკლებად თქვენი ისტორიაც ვიცი და ისიც,
რომ რუსეთთან პრობლემები გქონდათ. რა თქმა უნდა ჩემთვის ცნობილია რომ საქართველოს ეროვნულ
ნაკრებს სერბი მწვრთნელი ჰყავს – იგორ კოკოშკოვი.

– ახლა
რა აზრის ხართ ჩვენს ქვეყანაზე?

– ძალიან მომწონს აქ ყოფნა. თავს ისე ვგრძნობ როგორც
საკუთარ სახლში. ჩემს გარშემო კეთილი და ყურადღებიანი ხალხია.

– ზოგადად როგორ შეაფასებთ სუპერლიგის წლევანდელ  სეზონს და რას იტყვით მეორე წრეზე?

დუდა
სანაძე:  წლევანდელი
სუპერლიგა შარშანდელს დონით ბევრად აღემატება, რაც ლეგიონერების მომრავლებამ განაპირობა.
ჩვენს  გუნდში სამი ლეგიონერი ირიცხება. მეორე
წრე გაძლიერებული შემადგენლობით დავიწყეთ  და
ვფიქრობთ რომ ყველა გუნდს ღირსეულ და დიდ წინააღმდეგობას გავუწევთ.

მილან
ოულიჩი: საქართველოში ბევრი კარგი კლუბია. გათამაშების 1-ელ
და მე-2 ადგილზე მყოფი გუნდები საკმაოდ ძლიერები არიან. ბევრი უცხოელი მოთამაშეა ჩამოსული
საქართველოში სათამაშოდ, დონე დღითიდღე იზრდება, თუმცა მაინც ვფიქრობ რომ ბევრი რამაა
დასახვეწი. სუპერლიგაში როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონის ბევრი კარგი კალათბურთელი
იზრდება.

– როგორ
შეაფასებთ თქვენს ასპარეზობას მიმდინარე სეზონში, გაკმაყოფილებთ თქვენი თამაში?

– მილან ოულიჩი:
ჯერჯერობით
სასურველ დონეზე ვერ ვთამაშობ, თუმცა ბევრს ვმუშაობ და დარწმუნებული ვარ მალე მივაღწევ
იმ შედეგს რაც მინდა.

– დუდა, დინამოში
რატომ გადაწყვიტე ასპარეზობა?

დუდა სანაძე:
,,დინამო“ ავტორიტეტული კლუბია  და დიდი სახელია
ამ გუნდში თამაში. რაც არ უნდა სუსტი გუნდი იყოს ამ კლუბში თამაში მხოლოდ სახელისთვის
ღირს და ყველა სხვა გუნდს ვამჯობინებ.

მილან
ოულიჩი: მსენია საფეხბურთო კლუბ ,,დინამოს“ შესახებ და ვიცი
რომ ზოგადად დინამოს კლუბს დიდი ისტორია აქვს. ამჟამად ჩვენს გუნდს ძალიან ძლიერი და
პერსპექტიული ახალგაზრდა მოთამაშეები ჰყავს. ვფიქრობ, დიდი პოტენციალი გაგვაჩნია და
შევძლებთ წარმატების მიღწევას. სუპერლიგის გათამაშების მეორე წრეში ჩვენ სერიოზული
სიურპრიზი გავხდებით ყველასთვის.

-რა
არის ,,დინამოს“ მიზანი მიმდინარე ჩემპიონატში?

– დუდა  სანაძე:
მიმდინარე ჩემპიონატში კონკრეტული მიზანი არ გვაქვს. მთავარია მაქსიმალურად კარგად
წარმოვაჩინოთ თავი. სასურველია ოთხეულში შესვლა. მომავალი სეზონისთვის ,,დინამო“ ძალიან
სერიოზულ  და კონკურენტუნარიან კლუბად  ჩამოყალიბდება.  

– მილან ოულიჩი: ჩემი პირადი მიზანია კარგი თამაში ვაჩვენო და გუნდს
სარგებელი მოვუტანო. ვფიქრობ, ,,დინამოს“ აქვს იმის შანსი რომ ნახევარფინალში ითამაშოს.

– კონკურენტად ვის მიიჩნევთ?

 – დუდა სანაძე: ,,არმიის“ გარდა სუპერლიგაში
მონაწილე ყველა გუნდი ჩვენი კონკურენტია, რომლებთანაც მოგების დიდი შანსი გვაქვს.

– მილან ოულიჩი:
ზუსტად ვერ გეტყვით, ყველას თამაში არ მინახავს და რთულია რამის თქმა. ამ ეტაპზე ძლიერ
მეტოქეებად ,,სოხუმსა“ და ,,ქუთაისს“ დავასახელებდი.

– წინა ტურის
ცენტრალურ მატჩში  ,,არმიას“ დაუპირისპირდით,
როგორ შეაფასებდით განვლილი ტურის მატჩს?  დუდა,
აღნიშნულ შეხვედრაში ტრავმის გამო მონაწილეობა არ მიგიღია… რა სახის ტრავმაა და როდისთვის
ჩადგები ფორმაში?  

დუდა სანაძე: რთული
სახის ტრავმა არ არის. მუხლების ანთება მაქვს და ორკვირიანი რეაბილიტაციაა
საჭირო, მაგრამ ვინაიდან მომავალ ტურში უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის ,,სოხუმთან“,
ვადაზე ადრე ჩავდგები მწყობრში და საჭიროებიდან გამომდინარე ამ შეხვედრაში აუცილებლად
ვიასპარეზებ. რაც შეეხება ,,არმიასთან“ მატჩს, ორი ხუთეულის მოთამაშე, მე და ალექსანდრე
ზესევიჩი არ ვიყავით  და ალბათ ესეც აისახა
იმ ანგარიშზე, რომელიც დაფიქსირდა. მიუხედავად დანაკლისისა, ბიჭებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს
და ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეს.

-მილან
ოულიჩი: ვფიქრობ შეგვეძლო მოგება, მაგრამ ორი ძალიან მნიშვნელოვანი
მოთამაშე გვაკლდა და ამან განაპირობა ,,არმიასთან“ მარცხი. რომ არა ეს  დანაკლისი მოგების მეტი შანსი გვექნებოდა. ძალიან
ვწუხვარ რომ წავაგეთ.  იმედი მაქვს კიდევ მოგვეცემა
მათთან თამაშის შესაძლებლობა და ჩვენი თავის მაქსიმალურად წარმოჩენა.

შემდეგ ტურში
სოხუმთან მატჩზე რას იტყვით?

– მილან
ოულიჩი: ერთი
დღის ჩამოსული ვიყავი როდესაც ,,სოხუმთან“ ამხანაგური შეხვედრა გავმართეთ და პატარა
სხვაობით დავმარცხდით. ზუსტად არ მახსოვს რამდენი ქულით და ამიტომ ვფიქრობ თანაბარ
დონეზე ვითამაშებთ. თუ არავინ იქნება ტრავმირებული დიდი შანსი გვაქვს მოვიგოთ.

– დუდა, რას იტყვი
შენს თანაგუნდელ ლეგიონერებზე… როგორ შეაფასებდი მათ?

– დუდა სანაძე: ლეგიონერებში
ძალიან გაგვიმართლა. დავიწყებ ამერიკელი ქიენ კარტერით,  რომელიც ყველა თამაშზე გამოირჩევა თავისი სოლიდური
მონაგარით და ვთვლი რომ ერთ-ერთი საუკეთესოა სუპერლიგაში. ძალიან გვეხმარება ოულიჩი,
ხოლო რაც შეეხება ზესევიჩს, ბევრ კარგ გუნდში აქვს ნათამაშები, და ძალიან გამოცდილი
მოთამაშეა. მწვრთნელივით გვაძლევს რჩევა-დარიგებებს და მაქსიმალურად გვიზიარებს თავის
გამოცდილებას.

 – დინამოში როგორ ატმოსფეროა?

დუდა სანაძე: სუპერლიგა
ძალიან შინაურული ჩემპიონატია. თითქმის ყველასთან მაქვს ნათამაშები და ამიტომ ჩემთვის
უცხო არ ყოფილა ეს გუნდი.

მილან იულიჩი: გუნდში
ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. პირველივე დღიდან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს
ჩემს თანაგუნდელებთან და მწვრთნელებთან. ჩემთვის ყოველი ვარჯიში დროის სასიამოვნოდ
გატარებაა.

– დუდა, რას იტყვი საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრების შანსებზე, რომელსაც მომავალ
ზაფხულს ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში უწევს თამაში? (G ჯგუფი – ლატვია, თურქეთი,
ესპანეთი, საქართველო)

– დუდა სანაძე: უძლიერესი
ჯგუფი შეგვხდა. ესპანეთი, რომელიც შარშანაც ფინალში იყო, თურქეთი, რომელიც ყოველთვის
გამოირჩევა სიძლიერით და  რაღა თქმა უნდა რელურად
ჩვენი მიზანი იქნება ის, რომ ჯგუფში არ ჩავრჩეთ და ის დიდი შრომა , რომელიც შარშან
 ,,ა“ დივიზიონში აღსაზევებლად გავწიეთ წყალში
არ ჩაგვეყაროს.  

-რა
არის შენი მიზანი უახლოეს მომავალში და რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?

დუდა სანაძე: ვთვლი,
რომ პირველ რიგში ყველას მიზანი ეროვნული ნაკრებში თამაში უნდა
იყოს. ჩემი მიზანიც სწორედ ესაა, ხოლო შემდეგ კლუბი. რაც შეეხება ჩემს გეგმებს, წლევანდელ
სეზონს ,,დინამოში“ ჩავამთავრებ. მოწვევა მაქვს ამერიკის სერიოზული უნივერსიტეტებიდან,
აგრეთვე ევროპიდანაც. თუმცა აქცენტს აშშ-ზე უფრო ვაკეთებ. 

-რატომ
აშშ-ზე და  არა ევროპაზე? 

– დუდა სანაძე: ამერიკაში უფრო მეტ პერსპექტივას ვხედავ და ამიტომაც მსურს იქ
თამაში. იქაური ლიგები საკმაოდ მაღალი დონისაა და 
ნბა-ს დრაფტზე დაყენების უფრო მეტი შანსიც გაქვს. სტუდენტური ლიგა სერიოზული
ჩემპიონატია, სადაც თამაშის მეტი დრო გაქვს და სკამზე ჯდომა არ გიწევს.

– თქვენი
საკალათბურთო ოცნება…

დუდა
სანაძე: ნბა-ში თამაში ალბათ ყველა კალათბურთელის სურვილია,
თუმცა რეალურად საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშზე ვოცნებობ.

მილან
ოულიჩი: ახლა მხოლოდ საქართველოში თამაშზე, ჩემს კლუბზე,
,,დინამოზე“ ვფიქრობ და ყველა ჩემი გეგმა და მიზანი სწორედ ამისკენაა მიმართული. მომავალში
რა იქნება არ ვიცი თუმცა ჩემი ოცნების გუნდი „პარტიზანია“, რომელსაც ყოველთვის ვგულშემატკივრობ.

-საყვარელი
საკალათბურთო კლუბი და მოთამაშე.

– დუდა
სანაძე: რაც კალათბურთის თამაში დავიწყე, მას შემდეგ ,,ლოს-ანჯელეს
ლეიკერსისა“ და კობი ბრაინტის ფანი ვარ.

– eurohopes.com
-მა მომავალ პერსპექტიულ კალათბურთელებში გამოგარჩია და ინტერვიუც ჩამოგართვა…

– დუდა სანაძე:
ეს ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ბევრჯერ უთქვამთ ჩემთვის ამის შესახებ, უბრლაოდ არ
ვიცოდი როდის დამიკავშირდებოდნენ. საკმაოდ პოპულარული ვებ-გვერდია, რომელსაც ბევრი
მომხმარებელი ჰყავს და ყველა კალათბურთელმა იცის მის შესახებ. ჩემთვის ბევრს ნიშნავს
რომ ამ ვებ-გვერდმა  პერსპექტიულ მოთამაშედ
და კალათბურთის მომავალ იმედად დამასახელა.

– დუდა,
როგორ ფიქრობ, რა არის შენი ძლიერი და სუსტი მხარე კალათბურთში, რა გაქვს დასახვეწი
და გამოსასწორებელი?

– დასახვეწი აბსოლუტურად ყველა კომპონენტში ვარ. ვთვლი, რომ ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული კალათბურთელი.
მჭირდება კიდევ უფრო მეტი ვარჯიში. ყველაფერი წინ მაქვს. სუსტ მხარეს რაც შეეხება,
ვიტყოდი რომ ფიზიკურად კიდევ უფრო უნდა გავძლიერდე. 

– მამაშენი,
გია სანაძე წარსულში ცნობილი კალათბურთელი და ამჟამინდელი კომისარია. რა რჩევებს
გაძლევს ხოლმე?

– მამა
უამრავ რჩევას მაძლევს, მაგრამ თუ როგორ ვასრულებ უკვე ჩემზეა დამოკიდებული. დიდი ყურადღება
აქვს ჩემს სროლაზე გადატანილი და ძირითადად რჩევათა უმრავლესობა სროლასა და შეტევას
ეხება.

– რას
საქმიანობ კალათბურთის გარდა?

– ამერიკის
კოლეჯისთვის სექტემბერში რამდენიმე ტესტი  ჩავაბარე.
მაქვს მოწვევები, საიდანაც საუკეთესოს შევარჩევ.

– გარდა
კალათბურთისა, რა არის შენი ინტერესის სფერო…

– კალათბურთი
ჩემი ყველაზე დიდი ინტერესია.  სახლში როცა
ვარ კალათბურთს ვუყურებ. თავისუფალ დრო ისევ კალათბურთს ვთამაშობ. ამ ეტაპზე ჩემი ჰობი
თუ ინტერესის სფერო მხოლოდ სპორტის ამ სახეობას უკავშირდება. ძალიან იშვიათად ვუყურებ
ფეხბურთს, იმ შემთხვევაში როცა ,,რეალი“-,,ბარსელონაა“ და სადაც ,,რეალს“ ვგულშემატკივრობ.

– რჩეული
თუ გყავს ან დაოჯახებას ხომ არ გეგმავ?

– კი
მყავს, თუმცა ჯერ მხოლოდ კარიერაზე ვფიქრობ. ამ ეტაპზე ჩემთვის ოჯახი  ძალიან ნაადრევია.

– როგორი
გურმანი ხარ, რომელ კერძს გამოარჩევდი?

– ქართული
სამზარეულო მიყვარს. მის გარდა ვერაფერს მივირთმევ. განსაკუთრებით გამოვარჩევდი მწვადს.

 – მილან, თბილისი
მოგწონთ? რას იტყვით ჩვენს დედაქალაქზე?  

– ძალიან
მოეწონა. ის ჩემს საყვარელ ქალაქს, სარაევოს ჰგავს. აქ ბევრი მეგობარი გავიჩინე და
თავისუფალ დროსაც სასიამოვნოდ ვატარებთ. საღამოს რესტორანშიც გავდივართ ხოლმე  და სასიამოვნოდ ვერთობით.

-ჩვენი სამზარეულო თუ დააგემოვნეთ, რომელს
გამოყოფდით?

– ყველაფერი
დავაგემოვნე და აღფრთოვანებული დავრჩი.
ყველაზე მეტად ხაჭაპური მომეწონა.  

– საქართველოში სადამდე აპირებთ დარჩენას, რა პერიოდს მოიცავს თქვენი კონტრაქტი?

-კონტრაქტი
სეზონის ბოლომდე მაქვს, თუმცა მერე რა იქნება ვერ გეტვით. ძალიან მომეწონა აქაურობა
და  იმედი მაქვს შემდეგ სეზონზეც დავრჩები.