სუპერლიგის მე-8 ტური დღეს, დედაქალაქში დაიწყო. თბილისი არენაზე დაგეგმილი 3 მატჩიდან პირველი, რომელშიც ერთმანეთს “რაში” და “ივერიონი” შეხვდნენ, დასრულდა. ეს გახლდათ სუპერლიგის დებიუტანტი გუნდების მატჩი, რაც შეხვედრას თავისთავად ინტერესს და ინტრიგას მატებდა. ორივე გუნდს მიმდინარე სუპერლიგაში 2-2 გამარჯვება ჰქონდა, შესაბამისად, ორივესთვის ამ შეხვედრის მოგება გვარიანი უპირატესობის მოპოვებას უდრიდა.
ივერიონმა წინა ტურში გორში გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ “ქუთაისს” მოუგო, რითაც საკუთარი პოტენციალი კიდევ ერთხელ გამოავლინა. ამის გათვალისწინებით, დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილი შიდაქართლური გუნდი თბილისში, “რაშთან” მოსაგებად ჩამოვიდა. გორის გუნდის ამბიციას ნაყოფი არ გამოუღია, რადგან ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილმა გუნდმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.
ვერ ვიტყვით, რომ ახალმა ტრანსფერმა მატჩის ბედი გადაწყვიტაო, თუმცა “რაშის” ახალწვეულმა, ევან მილიგენმა გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო. მილიგანი საქართველოში შარშანწინ, “ა” ლიგის “ასტრალში” თამაშობდა და საკუთარი მაღალი კლასი ყველას დაუმტკიცა. მისი გარჯა კარგად ახსოვდათ რაშის სამწვრთნელო შტაბში და როცა ეს მოთამაშე სატრანსფეროდ ხელმისაწვდომი გახდა, უმალ გუნდში უხმეს.
მილიგენი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და რაშს ისეთ დროს შეაშველა ქულები, როცა გუნდმა უმნიშვნელოვანესი გაქცევები მოაწყო. საბოლოოდ ევანის ანგარიშზე 14 ქულა და 4 მოხსნა დაგროვდა, რაც მან მოედანზე არასრული 24 წუთის მანძილზე მოაგროვა. რაშმა პირველი პერიოდი 25:19 რომ მოიგო, მას შემდეგ მეტოქე ამ სხვაობაზე ახლოს აღარ მიუშვია. მილიგანთან ერთად რაშის შემადგენლობაში სანდრო სანაძე გამოირჩა, რომელმაც 21 ქულით, 9 მოხსნითა და 3 პასით მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
რაშმა 78:65 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და სუპერლიგის ცხრილის შუაში დამკვიდრდა, ივერიონი კი კავკასიასთან და მარგვეთთან ერთად ცხრილის ბოლოში ადგილებს იყოფს.