დელტამ რუსთავი თბილისშიც დაამარცხა და ნახევარფინალისტს მე-5 მატჩი გამოავლენს

დელტამ რუსთავი თბილისშიც დაამარცხა და ნახევარფინალისტს მე-5 მატჩი გამოავლენს

ირაკლი ძიძიგურისა და გიორგი ლაშქარაძის გაწვრთნილმა დელტამ რუსთავს მოგება არ დაანება. გურჯაანულმა გუნდმა, რომელიც ბოლო პერიოდის დაწყებამდე 9 ქულით აგებდა, შთამბეჭდავი დასკვნითი პერიოდი ჩაატარა, რომელშიც 31:12 აჯობა რუსთავს და დამსახურებული გამარჯვებით სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 2:2. 1 მაისს გაიმართება გადამწყვეტი მატჩი, რომელსაც რუსთავი უმასპინძლებს და რომლის გამარჯვებულიც ნახევარფინალში გავა. 

ასე და ამგვარად, სუპერლიგის 2 ნახევარფინალისტი ცნობილია – თსუ და კავკასია (ორივემ 3:1 მოიგო), ხოლო 2 წყვილში მე-5 მატჩი დაინიშნა. ოლიმპი – მარგვეთისა და რუსთავი – დელტას წყვილებში გამარჯვებულები სერიის ბოლო მატჩებში გამოვლინდებიან. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს – დელტამ უსახური პირველი ნახევარი ჩაატარა, რაც რუსთაველთა გამართული და საზრიანი თამაშის გამო მოხდა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილი ქვემო ქართლის გუნდი მოედნის ყველა რგოლში სჯობნიდა მეტოქეს.

პირველი პერიოდი რუსთაველებმა 21:13 მოიგეს. მეორეში მეტოქეს 3 ქულით აჯობეს და დიდი შესვენებისთვის 11 ქულით იგებდნენ. მესამე პერიოდის შუაწელში ქვემოქართლელთა ლიდერობამ 14 ქულას მიაღწია და ერთი შეხედვით, გურჯაანელები განწირულნი ჩანდნენ, თუმცა პერიოდის დასრულებამდე დელტამ ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა, გადამწყვეტ პერიოდში კი მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა და დამსახურებულად გაიმარჯვა – 84:74 (სტატისტიკა).

დელტამ გუნდურად ითამაშა, თუმცა გამოსარჩევია ოთარ ფხაკაძის შედეგიანობა, რომელსაც მხარს ეივი ტუმერი, რიკარდო ლინჩი და დანარჩენი თანაგუნდელები უბამდნენ. დელტამ ანგარიში ბოლო პერიოდის მე-3 წუთზე გაათანაბრა, შემდეგ ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა და ბოლოს დელტას ლიდერობა გამოიკვეთა. გურჯაანელებმა 10-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს და გამარჯვება გაინაღდეს.

დელტაში საუკეთესო იყო ფხაკაძე, რომელმაც 25 ქულა, 8 პასი და 5 მოხსნა მიითვალა. 17 ქულა და 6 მოხსნა რიკარდო ლინჩის ანგარიშზე დაგროვდა. გეგი ბაქრაძემ შეხვედრა 14 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა. რუსთავში 16 ქულითა და 6 პასით ლუკა ბულაშვილი გამოირჩა. 13 ქულა და 9 მოხსნა ეივერი დიგსის ანგარიშზე დაგროვდა.

სერიის მე-5, გადამწყვეტი შეხვედრა 1 მაისს, 19:00 საათზე, რუსთავში გაიმართება.