დელტამ რუსთავში იმარჯვა და 1/4-ფინალურ სერიაში მოედნის უპირატესობა მოიპოვა

დელტამ რუსთავში იმარჯვა და 1/4-ფინალურ სერიაში მოედნის უპირატესობა მოიპოვა

დღეს რუსთავში სუპერლიგის მეოთხე მეოთხედფინალური სერიაც დაიწყო. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა რუსთავმა დელტას უმასპინძლა და მთელი შეხვედრის მანძილზე მიმდინარე თანაბარი და დაძაბული თამაშის ბოლო წუთებზე დამარცხდა. ქვემო ქართლის გუნდმა სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა და პლეი ოფის პირველ წრეში მე-7-ზე გასულ გურჯაანის დელტას ხვდება. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა კახეთის გუნდმა გადაჭედილი რუსთაველი ქომაგების წნეხის მიუხედავად მოახერხა გადამწყვეტ მომენტში მობილიზება და მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვა – 99:89 (სტატისტიკა).

თამაში მეტ-ნაკლები უპირატესობით, მთლიანობაში თანაბრად მიმდინარეობდა. პირველი პერიოდი მასპინძლებმა 5 ქულით მოიგეს, მეორე კი ამდენი ქულით დათმეს და დიდი შესვენებისთვის (44:44) ყველაფერი ახლიდან დაიწყო. მესამე პერიოდში გამარჯვება ისევ რუსთაველებს დარჩათ რომლებიც ბოლო ათწუთეულის წინ 4 ქულით დაწინაურდნენ და ქვემოქართლელი გულშემატკივრები გადამწყვეტ პერიოდში საკუთარი გუნდის გამარჯვების აღსანიშნავად მოემზადა.

რთულია, აიხსნას, რა შეიცვალა, თუმცა ბოლო პერიოდი გურჯაანელთა 16:0 გაქცევით დაიწყო. აღნიშნული მეოთხედის საწყის 6 წუთში მასპინძლებმა ბურთი ვერ ჩააგდეს და 12 ქულით ჩამორჩნენ. დელტას მოთამაშეებს ყველაფერი გამოსდიოდათ – სამქულიანებსაც აგდებდნენ (რიკარდო ლინჩი, ოთარ ფხაკაძე, ეივი ტუმერი), კონტრშეტევებსაც ელვისებურად ახორციელებდნენ, დაცვაშიც საიმედოდ იდგნენ და მეტოქეს ბურთის ჩაგდებაში მაქსიმალურად ხელს უშლიდნენ. შედეგმაც არ დააყოვნა – თამაშის დასრულებამდე 12-ქულიანი ლიდერობის მოპოვება ფაქტობრივად, გამარჯვებას ნიშნავდა. გურჯაანელებმა შეცდომები აღარ დაუშვეს და ლიდერობა, რომელიც გააზრებულ-დალაგებული თამაშით მოიპოვეს, ბოლომდე დამაჯერებლად შეინარჩუნეს. ამ გამარჯვებით გურჯაანელებმა, რომლებიც თამაშებს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მასპინძლობენ, რუსთავს სერიაში მოედნის უპირატესობა წაართვეს.

დელტას 19 ქულით, 8 პასით და 4-4 მოხსნა-ჩაჭრით ოთარ ფხაკაძემ ულიდერა. 19-19 ქულა დააგროვეს ვახტანგ ქადარიამ და ეივი უმერმაც. 12 ქულა რიკარდო ლინჩის ანგარიშზეა. რუსთაველთაგან 20 ქულით საუკეთესო იყო ტრეი კროფტი.17 ქულა გუგა პატაშურმა, ხოლო 13-13 ლუკა ბულაშვილმა და ლევან ბაბილოძემ მიითვალეს.

ამ წყვილში სერიის მეორე მატჩი 23 აპრილს, ისევ 19:00 საათზე, რუსთავის დარბაზში გაიმართება.

ფოტო: მირიან ჩხეიძე