სუპერლიგაში დაუმარცხებელი გუნდი აღარ არის. ერთადერთი თსუ იყო, რომელსაც წაგება არ ჰქონდა თუმცა დღემდე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა გასული 8 ტურის მატჩი მოიგო, მე-9-ში დაისვენა და დღეს, თბილისი არენაზე გურჯაანის “დელტას” უმასპინძლა. სწორედ ამ მატჩში შეწყდა თსუ-ს წაუგებელი სერია. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა კახეთის წარმომადგენელთან 88:99 (სტატისტიკა) წააგო.
არადა, დელტას აქამდე 4 წაგება და 5 მოგება ჰქონდა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი გუნდი ფავორიტად არ ითვლებოდა, თუმცა ისე ითამაშა, მოგება დაიმსახურა. თსუ-ს გიორგი ცინცაძე აკლდა, თუმცა უკანა ხაზში მატება ჰქონდა. გუნდში პირველად ითამაშა ახალბედა გამთამაშებელმა გლენ აბრამმა, რომელიც აქტიური კი იყო, თუმცა ეფექტურობა და შედეგიანობა აკლდა.
შესაბამისად, თსუ-ს უკანა ხაზში გაუჭირდა, თამაშს ალღო ვერ აუღო ვერც უნივერსიტეტელთა ცენტრმა, კარსონ ბაშამმა. თსუ-ს ლიდერი ალექსანდრე ფევაძე სანამ მოედანზე იყო, თსუ-ს არ უჭირდა, თუმცა თამაშის დასრულებამდე 6:30 წუთით ადრე, როცა ანგარიში 74:74 იყო ფევაძეს 5 პერსონალურის გამო მოედნის დატოვება მოუხდა. რთული სათქმელია, ამის გამო მოხდა თუ არა, მაგრამ 3 წუთში ანგარიში გურჯაანელებმა წაიყვანეს – 82:76.
მომდევნო 3 წუთში კი მატჩის ბედიც გადაწყდა. სკილერ პოტერის, საბა ლობჯანიძის და დანია კინგსბის შედეგიანი თამაშით დელტა 91:79 დაწინაურდა და დარჩენილ 1:20 წუთში თსუ-ს თამაშის გადარჩენის შანსი წაერთვა. გურჯაანელთა რიგებში 16 ქულით, 10 პასით, 6 მოხსნითა და 4 ჩჭრით საბა ლობჯანიძე გამოირჩა. 21 ქულა მიითვალა ჯორდან სვოპშირმა, სკილერ პოტერის ანგარიშზე კი 20 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. დანია კინგსბი გურჯაანელებს 19 ქულით შეეხიდა. თსუ-ში 22 ქულითა და 5 პასით საუკეთესო იყო ნიკოლოზ გაფრინდაშვილი15 ქულა და 9 მოხსნა ალექსანდრე ფევაძემ მიითვალა. 16 ქულა დევონტრე ტომასმა მიითვალა. დებიუტი 7 ქულითა და 3 პასით აღნიშნა თსუ-ს ახალწვეულმა გლენ აბრამმა.
წაგების მიუხედავად თსუ ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს, დელტას კი მეორე ადგილზეა, რომელსაც მატჩითა და წაგებით მეტი აქვს, ვიდრე კონკურენტების ტრიოს – მარგვეთს, ვსა-ს და ქუთაისს. სუპერლიგის მე-10 ტურის დარჩენილი 2 მატჩი ხვალ, 22 დეკემბერს გაიმართება. ვსა დიღმის არენაზე ტყიბულის ორბს უმასპინძლებს, ხოლო ივერიონი გორში ქუთაისს მიიღებს.