დელტამ სუპერლიგის მიმდინარე სეზონის პირველი გამარჯვება ბათუმში მოიპოვა

დელტამ სუპერლიგის მიმდინარე სეზონის პირველი გამარჯვება ბათუმში მოიპოვა

არის პირველი მოგება! მთელი პირველი წრე ელოდა გურჯაანის დელტა სუპერლიგის მიმდინარე სეზონში პირველ გამარჯვებას. ერთი წრე კი 10 მატჩს უდრის. კახურმა გუნდმა ნავსი ბათუმში გატეხა, სადაც პირველ წრეში 6 მოგების მომპოვებელი და ამის გათვალისწინებით, ერთ-ერთი ფავორიტი ბათუმი დაამარცხა – 76:82 (სტატისტიკა).

ბათუმს პრობლემები აქვს. გუნდს 2 ამერიკელი მოთამაშე წაუვიდა – ერთი ტრავმის გამო, მეორეც პირადი მიზეზით. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა ზღვისპირელებმა დელტასთან მხოლოდ 1 ლეგიონერით ითამაშეს. მართალია, მაირინ ტომასი ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ სუპერლიგაში ერთი უცხოელით გუნდი ცოდოა. გუნდების აბსოლუტურ უმრავლესობას 4 უცხოელი ჰყავს და ასეთ ვითარებაში ბათუმელებს ძალიან გაუჭირდებათ. მით უფრო, რომ პირველ წრეში მათაც 4 უცხოელზე ჰქონდათ აქცენტი გაკეთებული და მიზეზთა გამო, ლეგიონერები შემოეცალათ.

ბათუმელებს ჩამოყვანილი ჰყავთ ცენტრი, წინა სეზონში თსუ-ში მოთამაშე კარსონ ბაშამი, თუმცა პოზიცია, სადაც რეალურად უჭირთ, უკანა ხაზია. არადა, სუპერლიგაში ახალი მოთამაშის დარეგისტრირების ვადა 31 იანვარს იწურება. რაც შეეხება დელტას, გურჯაანურ კლუბმა ლეგიონერებთან უფრო აქტიურად იმუშავა და პირველი წრის შემადგენლობიდან 7 ამერიკელი გაუშვეს. ანუ დელტამ განაცხადში მთლიანობაში 11 ამერიკელი შეიყვანა, საიდანაც ეს 4 დაიტოვა – შამარკუს კენედი, ჯეიდენ კინგი, კრისტოფერ ბარტონი და სტივ რობერტსი.

ამ კვარტეტიდან ბათუმში თავი კინგმა ისახელა, რომელმაც, როგორც იტყვიან, პირადად მოიგო მატჩი. კინგის ანგარიშზე 34 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. ის ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო, როცა დელტას სჭირდებოდა და ბათუმელთათვის დიდ თავსატეხს წარმოადგენდა. გურჯაანელებმა გადაიტანეს კრიტიკული ეპიზოდი მატჩის ბოლო წუთებზე, როცა მასპინძლებმა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს. საბოლოოდ შეხვედრა ისე დასრულდა, ბათუმელებს მისი გადარჩენის შანსი არ მისცემიათ.

გურჯაანი კონკურენტ “რაშს” მოგებებით დაეწია და როგორც ჩანს, ამ გუნდების სუპერლიგაში დასარჩენად ბრძოლის ქრონიკები მეორე წრეს ლაიტმოტივად. მე-12 ტური ხვალ, ზესტაფონში გაგრძელდება, სადაც სათამაშოდ თსუ ჩავა. 3 მატჩი კი კვირას, ტყიბულსა და თბილისში ჩატარდება.