მე-15 ტურის მორიგ მატჩში დიდი ბრძოლა შედგა “დელტასა” და “ტიტებს” შორის. ამ გუნდებს განსხვავებული მიზნები აქვთ. დებიუტანტ “ტიტებს” ჯერ სუპერლიგაში დარჩენის საკითხი აქვს გადასაჭრელი და ეს თამაში რომ მოეგო, ბევრად დამშვიდებული იქნებოდა. რაც შეეხება “დეტლას”, ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილ გუნდს ლიგაში დარჩენის საკითხი გადაჭრილი აქვს და პლეი ოფში რაც შეიძლება კარგი პოზიციიდან შესვლას უმიზნებს.
მატჩი ერთქულიანი სხვაობით – “დელტას” სასარგებლოდ დასრულდა, რომელმაც მე-15 მატჩში მე-9 გამარჯვება მოიპოვა და სანამ “დინამოს”, “თსუ-ჰიუნდაის”, “ოლიმპს” და “მგზავრებს” არ უთამაშიათ, მე-2 ადგილზე დამკვიდრდა. მატჩის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში გაილია. ხან ერთი გუნდი იგებდა, ხან – მეორე. დიდ შესვენებაზე “ტიტები” 4 ქულით იგებდა, თუმცა მესამე პერიოდში “დელტას” ამერიკელმა უკანახაზელმა, მალკოლმ დრამრაითმა სამიზნე გაისწორა, მას თანაგუნდელებიც აყვნენ და 18:11 მოგებული მეოთხედის შემდეგ ლაფანაშვილის გუნდი 3 ქულით დაწინაურდა.
ბოლო ათწუთულში დელტელებმა განაგრძეს შედეგიანი თამაში და უპირატესობა 10 ქულამდეც გაზარდეს, მაგრამ ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილი “ტიტების” სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გუნდი არ გატყდა და დარჩნილ დროში მოგების რეალური შანსი მოიპოვა. ბოლო 2 წუთში კარგი დაცვის ხარჯზე “ტიტებმა” ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს და მატჩის დასრულებამდე 7 წამით ადრე შეტევის უფლებაც მოიპოვეს. გადამწყვეტი შეტევა ტიტელთაგან ყველაზე შედეგიანმა კაჰიმ რენსომმა ითავა, რომელსაც სედეგიანი გარღვევის განხორციელებმა მეტოქეთა აქტიური მეურვეობის გამო არ გამოუვიდა და დროც ამოიწურა – 87:86 “დელტას” სასარგებლოდ, რომლის რიგებშიც 30 ქულით მალკოლმ დრამრაითი გამოირჩა. 19 ქულა მოაგროვა ოთო ფხაკაძემ, ხოლო ბექა ბექაურმა 12 ქულას 13 მოხსნაც მოაყოლა. “”ტიტებში” 27 ქულა – 9 პასით საუკეთესო იყო რენსომი, ილია ლონდარიძის ანგარიშზე კი 22 ქულა დაგროვდა.
დელტა – ტიტები
სტატისტიკა: 87:86