სუპერლიგის მე-5 ტური დღეს 2 მატჩით დაიწყო. ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველი დასრულდა. დაძაბულ, ოვერტაიმიან მატჩში გურჯაანის დელტამ 82:76 (სტატისტიკა) დაამარცხა მეგა და სუპერლიგის ცხრილს სათავეში ჩაუდგა. გურჯაანელებს 1 მატჩი აქვთ წაგებული და ლიდერებად იმის ხარჯზე არიან, რომ ყველაზე მეტი – 5 შეხვედრა ჩაატარეს. აღსანიშნავია, რომ სუპერლიგის 2 დაუმარცხებელი გუნდი – 4 მოგების მქონე კავკასია და 3 მოგების მქონე რუსთავი ხვალ ერთმანეთს ქვემო ქართლში დაუპირისპირდებიან.
დელტამ მიმდინარე სუპერლიგაში უკვე მეორე მატჩი მოიგო დამატებით დროში. პირველად გურჯაანელებმა ოვერტაიმში ვერას სძლიეს, ახლა კი ძირითად დროში მეგასთან მოუწიათ ბრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ მეგა მეტოქეს 2 ქულით ჩამორჩებოდა, დელტას ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. შეხვედრა მთლიანობაში თანაბარი იყო, მცირე სხვაობით ხან მეგა ლიდერობდა, ხანაც – დელტა.
ძირითადი დროის ბოლო წამებზე მეგას შეეძლო გამარჯვება. დასრულებამდე 6 წამით ადრე ამერიკელმა ლეგიონერმა, მარკუს გილსონმა ეფექტური გდებით ანგარიში გაათანაბრა და მეტოქემ მასზე წესები დაარღვია. გილსონს ბონუს-საჯარიმო რომ ჩაეგდო, მეგა დიდი ალბათობით გაიმარჯვებდა, თუმცა… 72:72 და დამატებითი 5-წუთეული დაინიშნა.
მეგა ორჯერ დაწინაურდა, თუმცა ორჯერვე ვახტანგ ქადარიას ბურთებით დელტამ ლიდერის ისარი თავისკენ გადახარა. საკვანძო გამოდგა ირაკლი სულხანიშვილის ბურთო, რომელიც მან დასრულებამდე 1 წუთით ადრე ჩააგდო და დელტა 79:76 დააწინაურა. როცა მეგას კალათბურთელებმა შეტევა გააცუდეს, თამაშის ბედი გურჯაანელთა სასარგებლოდ გაირკვა.
გამარჯვებულებს 20 ქულითა და 10 მოხსნით გეგი ბაქრაძემ ულიდერა. 17 ქულა რიკარდო ლინჩმა მოაგროვა. ყველაზე მაღალი ეფექტურობის მაჩვენებელი (19) ზურაბ მაჩალაძეს ჰქონდა, რომელმაც 8 მოხსნა, 8 პასი, 4 ქულა და 2 ჩაჭრა ისე დააგროვა, ბურთი არ დაუკარგავს. მეგას შემადგენლობაში 26 ქულით საუკეთესო იყო რონი როზიე. 14 ქულა ოთარ ბულიავამ დააგროვა, მარკუს გილსონის ანგარიშზე კი 6 ქულა და 13 მოხსნა დაგროვდა.
მომდევნო მატჩში ერთმანეთს თსუ და ოლიმპი დაუპირისპირდებიან.