სტატისტიკაგალერეა„მეტოქემ გამარჯვება გვაჩუქა“ – განაცხადა მატჩის შემდეგ
დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ და ძნელია, არ დაეთანხმო. მატჩის
დასრულებამდე 0,8 წამით ადრე 1 ქულით ჩამორჩენილი „აკადემიის“ ბელარუსი ლეგიონერი ვლადიმერ
კრისევიჩი საჯარიმოს ხაზზე დადგა და… ორივე სროლა ააცილა.
ბელარუს ცენტრს ერთიც რომ ჩაეგდო, თამაში დამატებით
დროში გადადიოდა და ექსტრახუთწუთეულში „აკადემიას“ გამარჯვების მეტი შანსი ჰქონდა,
რადგან დინამოელთა ლიდერები – ამერიკელი დანიელ უილიამსი და ილია ლონდარიძე 5 პერსონალურის
გამო მოედნიდან გავარდნილები იყვნენ. კრისევიჩმა ორივე საჯარიმო ააცილა და „აკადემიას“
სეზონის პირველი გამარჯვება ხელიდან გამოეცალა.
ასე დრამატული გამოდგა ბოლო წამები, არადა, ასეთ ფინალს
არაფერი მოასწავებდა. მართალია, აკადემიელები უშანსოდ არ იყვნენ და მეტოქეს მთელი თამაშის
განმავლობაში ტოლს არ უდებდნენ, ბოლო წუთებზე მაინც ჩჩამორჩნენ. მატჩის დასრულებამდე
100 წამით ადრე დინამოელთა ყველაზე დიდი ლიდერობა დაფიქსირდა – 75:64. ანუ მატჩის დასრულებამდე
წუთნახევრით ადრე „დინამო“ 11 ქულით გალიდერდა და ფაქტობრივად გამარჯვებულის ვინაობა
გაარკვია.
აქ დაიწყო სწორედ ის სენსაცია, რომელიც ბოლო წამზე კრისევიჩმა
ვერ დააგვირგვინა. „აკადემიამ“ წუთნახევრიანი მონაკვეთი 12:0 მოიგო და მატჩის დასრულებამდე
18 წამით ადრე 76:75 დაწინაურდა. დინამოელები ძლივს გამოერკვნენ და საფინალო სირენამდე
11 წამით ადრე ილია ლონდარიძემ ორქულიანით დინამოელები 77:76 დააწინაურა. „აკადემიამ“
ბოლო შეტევა წამოიწყო, რომელიც ამერიკელმა დეანდრე მეისმა შედეგიანად ვერ დააგვირგვინა.
აცილებული აკადემიელმა კრისევიჩმა მოხსნა და … ჯარიმა, რომელიც, როგორც თავში ვთქვით,
ბელარუსმა ლეგიონერმა ქულებად ვერ აქცია და „აკადემიამ“ ერთქულიანი მარცხი განიცადა.
„დინამოში“ 17 ქულით დანიელ უილიამსი გამოირჩა. ობრი
მაკალპიმ გამარჯვებულებს 14 ქულა მიაშველა. მატჩის ერთადერთო ორმაგი დუბლი დინამოელმა
გიორგი შარაბიძემ გაიფორმა – 4 ქულა, 15 მოხსნა. „აკადემიაში“ 15 ქულით საუკეთესო იყო
იოსებ ლეჟავა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
გელა წულაძე, „აკადემიის“ მთავარი მწვრთნელი:
„წინა თამაშებთან შედარებით გუნდს აშკარად მომატებული
აქვს. ჩვენ მოსამზადებელი ეტაპი არ გაგვივლია და რაც დრო გადის, თამაშს ვაუმჯობესებთ.
აქედან გამომდინარე, ჩვენი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. იყო შეცდომები, რომელთა აღმოფხვრას
მოვახერხებთ და იმედი მაქვს, ეს შედეგზეც აისახება“.
ირაკლი ხოშტარია, „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი:
– რთული მატჩი იყო. ვერ ვაჩვენეთ სასურველი თამაში.
ბოლო წუთებზე 11-ქულიან უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ მეტოქემ მოახერხა თამაშის შემოტრიალება
და ბოლო წამზე ჯარიმები რომ ჩაეგდოთ, წავაგებდით. შეიძლება ითქვას, რომ მეტოქემ გვაჩუქა
ეს მოგება. რა თქმა უნდა, ყველაფერს საკუთარ თავზე ვიღებ, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ
ამხელა უპირატესობის შენარჩუნება ბოლო 2 წუთში გუნდმა მწვრთნელის გარეშეც უნდა შეძლოს.
ისღა დაგვრჩენია, რომ შეცდომებს ჩავუღრმავდეთ და მათ გამოსწორებაზე ვიფიქროთ. მით უმეტეს,
რომ წინ რთული მატჩი გველის. ჩვენი მეტოქე გათამაშების ლიდერი „სოხუმი“ იქნება.