გუშინ დაწყებული სუპერლიგის მორიგი ტური დღეს ოლიმპიურ სასახლეში გრძელდება. დაგეგმილი 3 მატჩიდან პირველი დასრულდა. სუპერლიგიდან გასავარდნ ზონასთან ახლოს მყოფმა “დინამომ” ერთპიროვნულ ლიდერ “რუსთავს” უმასპინძლა და 82:88 (სტატისტიკა) დამარცხდა.
მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილ დინამოელებს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდათ, რადგან სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება, ხოლო ტიტულოვან ქართულ გუნდს მხოლოდ 5 გამარჯვება აქვს და ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა. დებულების თანახმად ბოლო ადგილზე გასული გუნდი “ა” ლიგაში პირდაპირ ვარდება, ხოლო ბოლოსწინა, მე-10-ადგილოსანი უმაღლეს ლიგაში დასარჩენად საკვალიფიკაციო სერიას თამაშობს.
დინამოელებმა თამაში კარგად დაიწყეს და მთელი პირველი ტაიმი იგებდნენ. საწყისი ათწუთეული ტაჩის გუნდმა 29:23 მოიგო, ხოლო დიდი შესვენებისთვის რუსთაველებმა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა ქვემოქართლურმა გუნდმა დიდი შესვენება კარგად გამოიყენა და მოედანზე დაბრუნებული რუსთაველები აწყობილად ათამაშდნენ.
ორიოდ წუთში სტუმრები დაწინაურდნენ, ხოლო როცა პირველ ნახევარში პასიურმა მაიკ დევისმა სამიზნე გაისწორა, ბოისას გუნდი დამაჯერებლად გალიდერდა. მესამე პერიოდი სტუმრებმა 23:14 მოიგეს და ბოლო შესვენებაზე 7-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. აღებული ინერცია ქვემოქართლელებმა ბოლომდე ისე შეინარჩუნეს, რომ დინამოელებმა საქმის გამოსწორება ვეღარ შეძლეს. თამაში ისე დასრულდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა.
გამარჯვებულებს 23 ქულით მაიკ დევისმა ულიდერა. 18 ქულა და 15 მოხსნა ჯილან ვაშინგტომა მიითვალა, ხოლო მაიკლ უაითის ანგარიშზე 18 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა. დინამოში 16-16 ქულა სამმა კალათბურთელმა – ლუკა ბულაშვილმა, ალონზო უოკერმა და ვლადიმერ თავაქარაშვილმა მიითვალეს.