დინამო თბილისი სუპერლიგის ბრინჯაოს მედლების მფლობელია

დინამო თბილისი სუპერლიგის ბრინჯაოს მედლების მფლობელია

სუპერლიგის მესამე ადგილის მფლობელი საკალათბურთო კლუბი “დინამო თბილისი” გახდა. მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში მე-7 ადგილი დაიკავა, პლეი ოფში წარმატებულად იასპარეზა და საბოლოოდ საპრიზო სამეულში მოხვდა. დინამოელებმა მესამე ადგილისთვის მატჩში არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი “კაკტუსი” 95:85 (სტატისტიკა) დაამარცხეს და ბრინჯაოს მედლებს დაეპატრონნენ. 

კაკტუსს ამ მატჩში ერთ-ერთი ლიდერი – ეი ჯეი სამბრი აკლდა და ჟღენტის გუნდი ერთადერთი ლეგიონერის ამარა თამაშობდა. სამაი ჰაინს-ჯონსი საკმაოდ კარგი კალათბურთელია, მაგრამ სამბრის არყოფნით კაკტუსელებს ფარქვეშ ძალიან გაუჭირდათ. ამას ისიც დაერთო, რომ დინამოელთა ლიდერი, ლუკა ბულაშვილი საკმაოდ შედეგიანად ათამაშდა და შეხვედრა დაძაბული არ გამოდგა. დინამომ პირველი პერიოდი 5 ქულით მოიგო, მეორეში 6-ით იმარჯვა, ხოლო მესამე ათწუთეულში მეტოქეს 25:18 აჯობა. 

დინამოელთა უპირატესობამ მეოთხე პერიოდში 21 ქულას მიაღწია, რის შემდეგაც მატჩის ბედი გაირკვა და შეხვედრის ბოლო წუთები ფორმალობად იქცა. დინამოს 28 ქულით ლუკა ბულაშვილმა ულიდერა. 22 ქულა და 9 მოხსნა ნიკოლოზ დარბაიძის ანგარიშზეა. მაიკლ ედვარდსმა შეხვედრა 17 ქულით, 14 მოხსნითა და 4 პასით დაასრულა. კაკტუსში 25 ქულით, 6 მოხსნითა და 6 პასით სანდრო სანაძე გამოირჩა. 21 ქულა და 6 მოხსნა ლევან მასხულიამ, ხოლო 17 ქულა სამაი ჰაინს-ჯონსმა მიითვალა. 

თამაშის დასრულების შემდეგ დინამოს მოთამაშეებს და გუნდის წარმომადგენლებს ბრინჯაოს მედლები და შესაბამისი დიპლომი გადაეცათ. პრიზიორები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა დააჯილდოვა. 

სუპერლიგაში დარჩენილია ჩემპიონისა და შესაბამისად, ვერცხლის მედლების მფლობელი გუნდის გამოვლენა. ფინალური სერია 3 მოგებამდეა, “რუსთავი” “ცხუმ-აფხაზეთს” 2:0 უგებს და სერიის მესამე მატჩი 27 მაისს, ოლიმპიურ სასახლეში, 17:00 საათზე გაიმართება.