“დინამო თბილისმა” ფიბა ევროპის თასის ბოლოსწინა მატჩი რუმინეთში დათმო
GBF
2017-11-15
„დინამო თბილისმა“ ფიბა ევროპის თასზე ბოლოსწინა მატჩი გამართა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა რუმინეთში, „კლუჟ-ნაპოკასთან“ წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი ოფიციალურად დაკარგა. 4 გუნდიდან მომდევნო ეტაპზე 2 საუკეთესო გავა, რომელთა შორისაც ვერ იქნება ჯერჯერობით მოგების გარეშე მყოფი „დინამო“.
ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა რუმინულ კლუბთან თბილისში უშანსოდ წააგეს და იმედი იმისა, რომ სტუმრად იმარჯვებდნენ, ძლიან მცირე იყო. კლუჟელებმა ყველა პერიოდი მცირედით მოიგეს, რამაც საბოლოო ჯამში 23-ქულიანი სხვაობა შეადგინა – 97:74.
დინამოელთა მხრიდან 10-ქულიან ზღვარს ერთბაშად 5 კალათბურთელი ასცდა. ესენი შარაბიძე (14), გაჩეშა (14), ბერიშვილი (12), გრძელიძე (11) და გოგოძე (11) არიან.
ცხადია, “დინამო” ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგული აქვს. თბილისური კლუბი ევროთასზე დასკვნით მატჩს 6 დეკემბერს ჩაატარებს, როდესაც თურქულ “ისთანბულს” უმასპინძლებს.