სუპერლიგის პლეი ოფი “თსუ-ჰიუნდაისა” და “დინამოს” წყვილით გაიხსნა. ერთმანეთს რეგულარულ ჩემპიონატში მე-4 და მე-5 ადგილებზე გასული გუნდები შეხვდნენ, თამაშიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა.
პირველი პერიოდი თსუ-ჰიუნდაელებმა 32:25 მოიგეს, მეორეში კი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და დიდ შესვენებაზე ხელჩასაჭიდი უპირატესობით გავიდნენ – 55:42.
მესამე პერიოდი დინამოელთა შტურმით დაიწყო, რომლის განმავლობაშიც ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა 13:0 გაქცევა მოაწყო და ანგარიში გაათანაბრა – 55:55. ამის შემდეგ “თსუ-ჰიუნდაი” ისევ გალიდერდა, თუმცა დიდი სხვაობით წინ გაჭრას ვერ ახერხებდა, ბოლო პერიოდში კი თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა. დასკვნით წუთებზე უფრო ზუსტად დინამოელებმა ითამაშეს, რომლებმაც შეხვედრის ბედი სათავისოდ გადაწყვიტეს – 85:78.
გამარჯვებულებს 26 ქულითა და 14 მოხსნით დემოგოი ბუბალომ ულიდერა. 25 ქულა და 8 პასი მიითვალა რეჯერ დოუელმა, 19 ქულა კი ჯორდან სვოპშირის ანგარიშზეა. “თსუ-ჰიუნდაიში” 21 ქულა ჰქონდა რატკო პტრიჩს. 18 ქულა ჯეიმს მილიკენის ანგარიშზეა. ამ გუნდებს შორის მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩი 2 მაისს, 16:00 საათზე გაიმართება.
თსუ-ჰიუნდაი – დინამო
სტატისტიკა: 78:85