“დინამო თბილისმა” ათმატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა. სუპერლიგის აუტსაიდერმა, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში 11 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო, უიღბლო სერია დღეს “ცხუმ-აფხაზეთთან” დაასრულა. ჟოლივეტ ტუჯანის გაწვრთნილმა დინამოელებმა ძალიან მოინდომეს და გუნდური თამაშისა და ბოლომდე ბროლის ხარჯზე მეტოქე 85:83 (სტატისტიკა) დაამარცხეს.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თავდაპირველად დინამოელები სოლიდურად დაწინაურდნენ. პირველი პერიოდის მიწურულს ტუჯანის გუნდი 29:14 გალიდერდა, თუმცა ცხუმელებმა ვითარების გამოსწორება შეძლეს. პერიოდის დასრულებამდე ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირეს, ხოლო მეორე ათწუთეულში მატჩზე სრული კონტროლი დააწესეს. მეორე მეოთხედი ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა “ცხუმ-აფხაზეთმა” 27:15 მოიგო და დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი ლიდერობით გავიდა.
აქ თითქოს გარდატეხა მოხდა. 15-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილებისა და ლიდერობის მოპოვების შემდეგ, “ცხუმ-აფხაზეთს” თამაში თავისი კარნახით უნდა წარემართა, თუმცა “დინამოს” მოთამაშეებმა ძალები მოიკრიბეს და მეტოქეს ტოლი არ დაუდეს. შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში გაგრძელდა. ქულა-ქულა თამაშში მოატანა ბოლო წუთმა, რომლის დაწყებამდეც ანგარიში თანაბარი იყო. დინამოელმა ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა გარღვევა შედეგიანად დაასრულა და ცხუმელებს ბოლო შეტევა და 2-ქულიანი დეფიციტი შერჩათ.
გადამწყვეტ შეტევაში ალექსანდრ პიქოქმა სამქულიანი ორჯერ ააცილა, ლუკა მაზიაშვილმა კი ჩააგდო გამთანაბრებელი ორქულიანი, თუმცა დროში ვერ ჩაეტია – სანამ ბურთს ფარისკენ გაუშვებდა, საფინალო სირენის ხმა გაისმა. გამარჯვებულებს 30 ქულით ბენჯამინ ქოლეჯმა ულიდერა. 19 ქულითა და 13 მოხსნით ჯოშუა ნურსი გამოირჩა. 12 ქულა ნიკოლოზ გაფრინდაშვილის ანგარიშზე დაგროვდა. “ცხუმ-აფხაზეთში” მონაგარი ორნიშნა რიცხვით მხოლოდ მარქილ სმიტმა გამოსახა, რომელმაც 36 ქულა მიითვალა.