სტატისტიკაგალერეასუპერლიგის მე-18 ტური ლიდერისა და აუტსაიდერის დაპირისპირებით
დასრულდა. ერთმანეთს ბოლოადგილოსანი „აკადემია“ და დაკარგული ქულებით „ბათუმთან“ ერთად
ცხრილის მოწინავე „დინამო“ შეხვდნენ. მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა და მიუხედავად
აკადემიელთა დიდი წინააღმდეგობისა, „დინამოს“ გამარჯვებით – 79:74 დასრულდა.
„აკადემიამ“ პირველი პერიოდი 12 ქულით – 25:13 მოიგო,
რაც ამერიკელი გამთამაშებლის, ჯეი-არ სთროუბრიჯის შედეგიანი თამაშის დამსახურება იყო.
მეორე პერიოდის დაწყებასთან ერთდ დინამოელთა შტურმი დაიწყო და სულ რაღაც 5 წუთში ირაკლი
ხოშტარიას გუნდმა ლიდერობა მოიპოვა. ნოდარ გოგოძისა და ჯუევალ მაილსის შედეგიანობით
„დინამომ“ მეტოქე უკან მოიტოვა და პირველი ტაიმის მიწურულს 13-ქულიან ლიდერობას დაეპატრონა.
მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში აკადემიელები ცდილობდნენ
დეფიციტის აღმოფხვრას, თუმცა მხოლოდ ანგარიშის შემცირებას ახერხებდნენ – ხან 5 ქულამდე,
ხანაც 4 ქულამდე, თუმცა მაზე ახლოს მეტოქესთან აღარ მისულან. საბოლოოდ 5-ქულიანი სხვაობა
დაფიქსირდა – 79:74 და „დინამომ“ „ბათუმთან“ ერთად სუპერლიგის ლიდერის სტატუსი შეინარჩუნა.
„დინამოში“ 17 ქულით და 12 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი
შარაბიძე. 17 ქულა დააგროვა ამერიკელმა ჯუევალ მაილსმა, ნოდარ გოგოძის ანგარიშზე კი
14 ქულა დაგროვდა. აკადემიელთაგან 19 ქულით საუკეთესო ჯეი-არ სთროიუბრიჯი გახლდათ.
სუპერლიგის მომდევნო ტური 26 და 27 თებერვალს, ქუთაისსა
და თბილისში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
გია კაზანჯიანი
(„აკადემიას“ მწვრთნელი): ძალიან დასანანი მარცხი განვიცადეთ. თავიდან კარგად დავიწყეთ თამაში, თუმცა ბოლო ნახევრისკენ, მიუხედავად იმისა
რომ შანსი გვქონდა, ბავშვური შეცდომები დავუშვით და დავმარცხდით. “დინამოს” მივულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას.
ირაკლი ხოშტარია
(„დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): ძალიან ცუდად დავიწყეთ შეხვედრა,
თუმცა შემდეგ მოვახერხეთ და თამაში ჩვეთვის სასურველ ტემპში გადავიყვანეთ. ბოლო მეოთხედში
ისევ ცუდად ვიასპარეზეთ, თუმცა კარგია რომ საბოლოოდ გამარჯვების მოპოვება შევძელით.
ზოგადად ხარვეზები კვლავაც ბევრი გვაქვს და მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.