სტატისტიკასუპერლიგის მე-16 ტური დღეს რეგიონებში – ლიდერთა მატჩებით
დაიწყო. ბათუმში სათამაშოდ ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი, თბილისის „დინამო“ ჩავიდა
და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
„ბათუმი“ შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდა. მასპინძლებს
უკრაინელი გამთამაშებელი – ილია შემოსიუკი აკლდათ, თუმცა ძლიერ მეტოქეს მაინც დიდი
წინააღმდეგობა გაუწიეს. პირველი პერიოდი თბილისელებმა 2 ქულით მოიგეს, ხოლო მეორეში
26:21 იმარჯვეს და დიდ შესვენებაზე 7 ქულით დაწინაურდნენ.
მესამე პერიოდი თანაბარი გამოდგა. ანგარიშში სხვაობა
რამდენჯერმა მინიმუმამდე შემცირდა, პერიოდის შუაწელში კი თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა
– 53:53. დინამოელებმა ვითარება მალევე გამოასწორეს და გუნდური თამაშის წყალობით ბოლო
პერიოდის წინ კვლავ 7 ქულით დაწინაურდნენ.
ბათუმელები შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდნენ, მაგრამ
სტუმრებმა კარგი თამაშის წყალობით გამარჯვებამდე მისვლა გართულების გარეშე მოახერხეს.
„დინამომ“ საბოლოოდ 81:74 მოიგო. 25 ქულით გამარჯვებულებს მიხეილ ბერიშვილმა ულიდერა,
რომელმაც 11-დან 7 სამქულიანი ჩააგდო. 11-11 ქულა დააგროვეს მიხეილ ჭოჭუამ და ილია
ლონდარიძემ. ბათუმელთაგან 19 ქულით ბესო ლეჟავა იყო საუკეთესო. კრის ფელჩერმა კი
16 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი):
„რთული თამაში იყო. ბათუმში იოლი მატჩები არავის ელის
და ჩვენც გაგვიჭირდა. დავინახეთ საკუთარი ხარვეზები, რომელთა აღმოსაფხვრელად მუშაობასაც
გავაგრძელებთ“.
დავით უსტიაშვილი
(ბათუმის მთავარი მწვრთნელი):
„ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეს იყო ჩვენი გუნდის მეორე
თამაში და დღეს ბიჭები გაცილებით კარგად გამოიყურებოდნენ. ყველამ ბოლომდე იბრძოლა,
მაგრამ ტრავმირებული გამთამაშებელი გვაკლდა და გამარჯვებამდე ვერ მივედით“.