სუპერლიგის ნახევარფინალური სერია, რომელშიც ერთმანეთს შარშანდელი ფინალისტები – “ქუთაისი” და “დინამო” ერკინებიან, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა სერიის მე-4 შეხვედრაში, ოლიმპიურ სასახლეში 71:63 სძლიეს “ქუთაისს” და საერთო ანგარიში გაათანაბრეს – 2:2. სერიის მე-5 მატჩი, რომლის გამარჯვებულიც ფინალში გავა, ქუთაისში, 20 მაისს, 18:30 საათზე გაიმართება.
დღევანდელი მატჩი დინამოელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა სანამ ხოშტარიას გუნდი ხელჩასაჭიდ უპირატესობას მოიპოვებდა, თანაბარი, დაცვითი თამაში მიმდინარეობდა. პირველი პერიოდი დაბალი ანგარიშით – 11:9 დასრულდა. ქუთაისელმა აკაკი ლომოურმა ბოლო წამზე ჩააგდო სამქულიანი და ქუთაისს საწყისი პერიოდი მოაგებინა. მეორე ნახევრიდან დინამოელებმა შეტევაში მეტი გასაქანი ჰპოვეს, რაც სწრაფი თამაშისა და ზუსტი შორი სროლების დამსახურება გახლდათ. მეორე ათწუთეული თბილისელებმა 20:8 მოიგეს და ხელჩასაჭიდ უპირატესობას დაეპატრონნენ.
დიდი შესვენების შემდეგ მასპინძლებმა ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარეს, რაც ძირითადად მათი ცენტრის, დემაგოი ბუბალოსა და ამერიკელი მსროლელის – ჯორდან სვოპშირის შედეგიანობის დამსახურება იყო. კარგად ირჯებოდა მერაბ ბოქოლიშვილი, რომელიც ბურთს სწრაფად ათამაშებდა, მიხეილ ჭოჭუა კი ძალიან აქტიური იყო და საკმაოდ შედეგიანი თამაშის შემდეგ, მეოთხე პერიოდში პერსონალურების ლიმიტის გამო მოედანი დატოვა.
ბოლო პერიოდში დინამოელთა ლიდერობამ 15 ქულას მიაღწია, თუმც აკაკი ლომოურის, გიორგი ბარბაქაძისა და ჯონათან ლის შორი სროლებით, ასევე აკაკი დვალიშვილის ფარქვეშა აქტიურობით შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე სხვაობა 5 ქულამდე შემცირდა. დინამოელებმა წუთშესვენება აიღეს და დასკვნითი წუთებში ისე გონივრულად ითამაშეს, ქუთაისელებისთვის შანსი არ მიუციათ.
გამარჯვებულთაგან 23 ქულით ჯორდან სვოპშირი გამოირჩა. 20 ქულა და 10 მოხსნა დემაგოი ბუბალოს ანგარიშზეა, ხოლო ახალგაზრდა ვლადიმერ თავაქარაშვილმა 11 ქულა მიითვალა. ქუთაისელთაგან 16 ქულით ბომბარდირი ჯონათან ლი გახდა, ყველაზე შედეგიანი კი 12 ქულისა და 13 მოხსნის მომგროვებელი აკაკი დვალიშვილი აღმოჩნდა.
ნახევარფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტი მატჩი 20 მაისს, 18:30 საათზე, ქუთაისში გაიმართბა. ამ მატჩის გამარჯვებული ფინალში “დელტას” შეხვდება.
დინამო – ქუთაისი
სტატისტიკა: 71:63