სტატისტიკა გალერეა
სუპერლიგის მე-12 ტური დღეს თბილისში 3 მატჩით დაიწყება
და ხვალ, ქუთაისში ადგილობრივ გუნდსა და „ბათუმის“ დაპირისპირებით დასრულდება. თბილისის
ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 3 მატჩიდან 1 უკვე ჩატარდა. გათამაშების ლიდერმა „დინამომ“
სუპერლიგის დებიუტანტ „კაკტუსს“ დამაჯერებლად მოუგო.
„კაკტუსს“ ერთ-ერთი ლიდერი, ჯონ ფლოვიესი აკლდა. ამერიკელმა
ცენტრმა მთავარი მწვრთნელის, არჩილ ჟღენტის განცხადებით გუნდი დატოვა. ტანმაღალი მეფარის
გარეშე კაკტუსელებს გაუჭირდათ „დინამოსთან“
თამაში და საბოლოოდ დიდი სხვაობით – 68:109 წააგეს.
პირველი პერიოდი დინამოელთა 8-ქულიანი გამარჯვებით
– 28:20 დასრულდა, დიდი შესვენებისთვის კი ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი გუნდის ლიდერობა
21 ქულამდე ავიდა. „კაკტუსის“ კალათბურთელები სათანადო წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ
მწყობრად მოთამაშე დინამოელებს და საბოლოოდ შეხვედრაში დიდი სხვაობა დაფიქსირდა.
გამარჯვებულებს 23 ქულით ნოდარ გოგოძემ ულიდერა. 21
ქულა ჰქონდა მიხეილ ბერიშვილს, ხოლო ილია ლონდარიძემ 14 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.
„კაკტუსში“ 17-17 ქულით საუკეთესოები ბექა ჩიკვილაძე და თაილერ უაიტი გახდნენ.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი):
„წინა მატჩისგან განსხვავებით, დღეს ყველაფერი გამოგვივიდა.
მოთამაშეებმა კარგად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას და შედეგიც სათანადო მივიღეთ“.
არჩილ ჟღენტი (კაკტუსის მთავარი მწვრთნელი):
დინამო ძლიერი გუნდია და დამსახურებულად გაიმარჯვა. რაც შეეხება ჩვენ გუნდს, კვლავ პრობლემები გვაქვს. ფლორვეუსთან დაკავშირებით ალბათ ამ დღეებში გაირკვევა ურთიერთობა, ასევე გვაკლია ტრამვირებული მოთამაშეები. ისღა დაგვრჩენია, მოვემზადოთ შემდეგი თამაშებისათვის.