“დინამო თბილისმა” “მგზავრებს” მეორე მატჩიც მოუგო და ნახევარფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილ დინამოელებს ფინალამდე 1 მოგება უკლიათ, თუმცა შანსი აქვს “მგზავრებსაც”, რომელმაც დღეს წინა მატჩზე უფრო მეტი შედეგიანობით იბრძოლა, შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა, მაგრამ საბოლოოდ მოგებამდე ვერ მივიდა.
ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა “მგზავრებმა” პირველი პერიოდი 16:20 წააგო, მეორეში კი 4-ქულიანი ჩამორჩენის შენარჩუნება მოახერხა და დიდ შესვენებაზე ანგარიში 41:37 გახლდათ. ყველაზე დაძაბული მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელშიც გუნდური თამაშის წყალობით “მგზავრებმა” ჩამორჩენა გააბათილეს და წინაც გავიდნენ – ტეილორ სტეფორდის სამქულიანის შემდეგ ბერიშვილის გუნდი 50:47 დაწინაურდა.
დინამოელთა მწვრთნელმა წუთშესვენება აიღო და მეტოქეს მწყობრი დაცვა დაუპირისპირა, რამაც შედეგი მალევე გამოიღო. დინამოელებმა ჩამორჩენა უმალ აღმოფხვრეს და წინაც გავიდნენ, რაც მეფარეების – ილია ლონდარიძისა და კაელ ტურპინის, ასევე უკანახაზელთა დამსახურება გახლდათ. ძალიან საჭირო სამქულიანები ჩააგდო ლევან გრძელიძემ და “დინამომაც” მესამე პერიოდის 23:18 მოგებით, ბოლო მეოთხედის წინ ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა – 64:55.
შეხვედრის ბოლო პერიოდში “მგზავრები” ეცადნენ, მაგრამ ვერაფერი შეცვალეს. მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე დინამოელთა უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა და მატჩის ბედიც გაირკვა. მოქმედმა ჩემპიონმა საბოლოოდ 84:75 იმარჯვა, რაშიც ლომის წილი დაიდო ილია ლონდარიძემ, რომელმაც 25 ქულა მოაგროვა. 12 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა კაელ ტურპინმა, ხოლო ლევან გრძელიძემ და ლაველ ბოიდმა 11-11 ქულა მიითვალეს. “მგზავრებში” 13-13 ქულით გამოირჩნენ კახა ჯინჭარაძე და ადრიან ბოუი, ხოლო ავთანდილ ლომინაშვილმა შეხვედრა 12 ქულით დაასრულა.
სერიაში “დინამო” 2:0 დაწინაურდა და ფინალამდე 1 გამარჯვება აკლია. მორიგი მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 18 მაისს, 16:00 საათზე გაიმართება.
დინამო – მგზავრები
სტატისტიკა: 84:75
მატჩისშემდგომი კომენტარები:
მიხეილ ბერიშვილი – „დინამოს“ მოთამაშე:
„მიუხედავად იმისა, რომ 9 ქულით მოვიგეთ, მაინც ვფიქრობ, რომ გუშინდელთან შედარებით დღეს უფრო რთული და დაძაბული თამაში გვქონდა. მესამე თამაშია წინ და ყველანაირად ვეცდებით, რომ კარგად მოვემზადოთ.“
ირაკლი ხოშტარია – „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი:
„სხვაობის მიუხედავად, ძალიან დაძაბული თამაში იყო, როგორც პლეიოფს შეეფერება. ანგარიშია 2:0, თამაში 3-მდეა, ამიტომ ბიჭებს ვუთხარი, რომ ჯერ არაფერია დამთავრებული. ყველაფერი წინ არის. გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ არასტაბილური სეზონი გვქონდა, აუცილებელია, რომ ბოლო თამაშამდე ძალიან კონცენტრირებული ვიყოთ.“