რეგულარული ჩემპიონატის დასრულების მოახლოებასთან ერთად სუპერლიგაში დაძაბულობა მატულობს. ცხრილის სათავეზე მეტად ბრძოლა აუტსაიდერთა შორის მიდის, რომლებიც უმთავრესი მიზნისთვის, უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძვიან. ცხრილის მოწინავე პოზიციებზე მყოფ გუნდებს გასავარდნ ზონასთან მანძილი იმდენად უმცირდებათ, რომ სუპერლიგაში დასარჩენად მებრძოლი გუნდების რიცხვი ტურიდან ტურამდე მატულობს. გამოკვეთილი ლიდერები არიან “რუსთავი” და “ქუთაისი”, დანარჩენ გუნდებს კი ჯერ სუპერლიგაში დარჩენის გარანტია არ აქვთ.
თავად განსაჯეთ: ბოლო ადგილზე მყოფ “ტიტებს” 9 წაგება აქვს, ხოლო მესამეადგილოსან “ბათუმს” – 8. თითოეული ქულისთვის დიდი ბრძოლა მიმდინარებს და ყოველი მატჩის შედეგს, ოქროს ფასი აქვს. ასეთი მნიშვნელობის გახლდათ დღეს გამართული მორიგი ტურის ბოლო 2 შეხვედრა. ცხრილის ბოლოში მყოფი გუნდების შერკინება, რომელშიც “დინამომ” უმნიშვნელოვანესი ქულა აართვა კონკურენტ “ტიტებს” და დაკარგული ქულებით ბოლოადგილოსანი “მგზავრების” რუსთავული ჯახი.
ორივე შეხვედრაში დიდი ბრძოლა გაიმართა და ქვემო ქართლში საქმე ლამის დიდ მოულოდნელობამდე მივიდა. ცხრილის პოლუსებზე მყოფი გუნდების მატჩი ისეთი დაძაბული გამოდგა, ვერავინ იტყოდა, ერთმანეთს 1 და 10 წაგების მქონე ოპონენტები ხვდებიანო. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა მგზავრებმა, რომელიც მთავარი გამთამაშებლის, ოთარ პერტაიას გარეშე თამაშობდა, სუპერლიგის ერთპიროვნულ ლიდერს თანაბარი ბრძოლა გაუმართა და ცოტაც რომ გამართლებოდა, გაიმარჯვებდა.
ეს მცირედი გამართლება შემდეგში მდგომარეობს: ძირითადი დროის ბოლო წამზე ტროი სტიუარდის ახლო მანძილიდან ნასროლი ორქულიანი რომ ჩავარდნილიყო, მატჩი მგზავრების სასარგებლოდ – 76:74 დასრულდებოდა, თუმცა ამერიკელი ლეგიონერის ტყორცნა მიზანს ასცდა და თამაში ოვერტაიმში გადავიდა. მეორე უიღბლობა უკვე ოვერტაიმის ბოლო წამზე ჯეიდონ კოჰის სამიანი გახლდათ, რომელიც მიზანს ასცდა და საბოლოოდ რუსთაველთა სასარგებლო ანგარიში – 81:78 (სტატისტიკა) დაფიქსირდა.
მგზავრებმა იცოდა თბილისში გამართული კონკურენტების – დინამოსა და ტიტების ახლად დასრულებული მატჩის შედეგი, რომელსაც ბერიშვილის გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მგზავრებს მოგება სჭირდებოდა, რომლისთვისაც ყველაფერი გაიღო, სამაგალითოდ იბრძოლა, მაგრამ ოვერტაიმში, 3 ქულით დამარცხდა.
წინა აბზაცში ნახენები დინამოსა და ტიტების ბრძოლა კი მართლაც უდიდესი მნიშვნელობისა იყო და უპირველესად ხსენებული გუნდებისთვის. მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილი ტიტები დინამოელებს ქულით უსწრებდა, ორივენი კი ცხრილის ბოლოში იყვნენ და მოგებული მნიშვნელოვან ბონუსს იღებდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თავიდან ტიტები იგებდნენ, რომლებიც პირველ შესვენებაზე 9 ქულიანი (21:12) ლიდერობით გავიდნენ. დინამოელებმა თამაში მალევე დაალაგეს და ლიდერობას დიდ შესვენებამდე დაეაპატრონენ – 38:37.
მესამე პერიოდი ფრედ – 13:13 დასრულდა, რის შემდეგაც დინამოელთა ჯერი დადგა. მათ სოლიდური გაქცევა განახორციელეს, მეტოქე საიმედოდ ჩამოიტოვეს და გამარჯვებამდე ისე მივიდნენ, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა: 73:61 (სტატისტიკა). მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილ დინამოელებს 17 ქულითა და 9 მოხსნით ალონზო უოკერმა ულიდერა. 14 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი ლუკა ბულაშვილმა, ხოლო 13 ქულა და 7 მოხსნა მაიკლ ედვარდსმა მიითვალა. ტიტებში 18 ქულითა და 9 მოხსნით ტაილან ბირტსი გამოირჩა. დავით ლომიძემ 12, ხოლო ბრენდან აუგბორნსმა 11 ქულა მიითვალა.
სუპერლიგის მომდევნო ტურის მატჩები 19 და 20 მარტს, თბილისსა და ბათუმში გაიმართება.