სტატისტიკა
გალერეა
სუპერლიგაში დაუმარცხებელი აღარავინაა. თბილისის
“დინამომ” მიმდინარე სეზონის პირველი მარცხი ქუთაისში განიცადა. წაგების
მიუხედავად, ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი დინამოელები ახალ წელს პირველ ადგილზე შეხვდებიან,
რადგან თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, “არმიას” პირადი მოგების
ხარჯზე აჯობებენ.
ქუთაისში “დინამოს” გუნდის მთავარი გამთამაშებელი,
გიორგი გამყრელიძე აკლდა. სოლიდური დანაკლისის მიუხედავად დინამოელებმა ბოლომდე იბრძოლეს
და გამარჯვების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ მასპინძლებმა შესანიშნავად დაწყებული მატჩი
დიდი მობილიზებით ჩაამთავრეს და პირველ წრეში ყველაზე ღირებული გამარჯვება მოიპოვეს.
პირველი მეოთხედი სტუმრებმა მოიგეს – 19:17, თუმცა ჩანდა,
რომ გამყრელიძის გარეშე დინამოელებს გაუჭირდებოდათ, რაც გამართლდა კიდეც. მეორე ათწუთეულში
მასპინძლებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს, რაც ძირითადად მათი უკანახაზელების –
აზერბაიჯანელი ზაურ ფაშაევის და გოგა ცეკვავას დამსახურება იყო. ეს მოთამაშეები კარგად
უძღვებოდნენ ქუთაისელთა შეტევებს და ხშირ შემთხვევაში მათ თავადაც აგვირგვინებდნენ.
დიდი შესვენებისთვის იმერულმა კლუბმა მინიმალური უპირატესობა მოიპოვა – 39:38.
ნათქვამია, ვინც მესამე მეოთხედში იმარჯვებს, საბოლოო
გამარჯვებაც მას დარჩებაო. ქუთაისელებმა შესანიშნავად ჩაატარეს მე-3 პერიოდი. ქულების
უმეტესობა ფაშაევმა მოიპოვა, თუმცა მასპინძლებმა გულშემატკივარს უფრო გუნდური თამაშით
დაამახსოვრეს თავი – სადაც თავის საქმეს თითოეული კალათბურთელი ზედმიწევნით ასრულებდა.
ათწუთეულის 26:18 მოგების შემდეგ ქუთაისელები ბოლო შესვენებაზე 9-ქულიანი ლიდერობით
(65:56) გავიდნენ.
ბოლო მეოთხედში მალხაზ კოხრეიძისა და მედეა მხეიძის
გაწვრთნილი “ქუთაისი” უპირატესობას ინარჩუნებდა, თუმცა “დინამო”
სუპერლიგის რისი წაუგებელი გუნდი იყო, გამარჯვებისთვის რომ არ გაებრძოლა. ეს მოხდა
თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, როცა ახალგაზრდა ზეზვა ლილუაშვილისა და მიხეილ
ჭოჭუას ორიანის შემდეგ თბილისელები მასპინძლებს ქულით მიუახლოვდნენ – 74:75. ერთქულიანი
სხვაობა რამდენიმე წამში ისევ დაფიქსირდა, რის შემდეგაც აკაკი დვალიშვილისა და გოგა
ცეკვავას ქულებით “ქუთაისმა” საფინალო სირენამდე 1 წუთით ადრე 5-ქულიანი
ლიდერობა მოიხელთა – 81:76.
დარჩენილ დროში დინამოელებმა ვეღარ შეძლეს თამაშის გადარჩენა
და მიმდინარე სუპერლიგაში პირველი მარცხი იწვნიეს – 78:83. გამარჯვებულ ქუთაისელებს
ორმაგი დუბლით დვალიშვილმა ულიდერა – 20 ქულა, 11 მოხსნა. 20 ქულა და 5 პასი დააგროვა
ზაურ ფაშაევმა, ხოლო გოგა ცეკვავას ანგარიშზე 18 ქულა და 9 პასი დაგროვდა.
“დინამოში” 16 ქულით ქიენ კარტერი გამოირჩა,
16 დააგროვა მილოშ პეშიჩმა, ხოლო ბესო ლეჟავამ პირად ანგარიშზე 15 ქულა, 8 მოხსნა და
8 პასი ჩაიწერა. სუპერლიგის პირველი წრის ბოლო ტური ხვალ, თბილისის სპორტის სასახლეში
გასამართი 2 მატჩით დასრულდება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
მალხაზ კოხრეიძე
(ქუთაისის მთავარი მწვრთნელი): ძალიან დაძაბული მატჩი იყო და ეს
მოსალოდნელიც იყო. მიკერძოებაზე საუბარი ზედმეტია, ასეთი მატჩი ჯერ არ ჩატარებულა.
“დინამო” ძალიან შეკრული, დახვეწილი გუნდია, რომელსაც შემადგენლობაში 2-2
მოთამაშე მაინც ჰყავს ერთ ამპლუაში. დიდი მადლობა მოწინააღმდეგეს ასეთი ბრწყინვალე თამაშისთვის.
კალათბურთი
გუნდური თამაშია და მოხარული ვარ რომ ჩვენმა ბიჭებმა დღეს ეს გუნდურობა შესანიშნავად
აჩვენეს. ვფიქრობ 1-ელ წრეში რევაზ დიდია რომ
აქტიურად დაგვხმარებოდა, ბევრად კარგი შედეგი
გვექნებოდა.
ირაკლი ხოშტარია
(დინამოს მთავარი მწვრთნელი): თავიდანვე დაძაბულად და ემოციურად
წარიმართა თამაში. ჩვენი ბრალია რომ აქამდე მივიყვანეთ საქმე. სამწუხაროდ თამაშის მოსაგებად
ყველაფერი იკადრეს.