თბილისის “დინამო” სუპერლიგის ნახევარფინალშია. ქუთაისში გამართულ მეოთხედფინალური სერიის მე-3, გადამწყვეტ მატჩში მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილმა დინამოელებმა 89:80 (სტატისტიკა) დაამარცხეს ადგილობრივი გუნდი და სუპერლიგის საუკეთესო ოთხეულში ადგილი გაინაღდეს. ამით, სუპერლიგის ერთ-ერთი სოლიდური მოულოდნელობა დაფიქსირდა. რეგულარულ ჩემპიონატში მე-7 ადგილზე გასულმა გუნდმა პლეი ოფის პირველი რაუნდიდან გამოაგდო მეორეადგილოსანი ქუთაისი, რომელიც ბოლო 10 წელია ნახევარფინალს მიღმა არასდროს დარჩენილა.
დინამო პლეი ოფში სულ სხვა გუნდად წარსდგა. გუნდმა, რომელსაც პლეი ოფში გასვლა დიდი ბრძოლის შედეგად დაუჯდა და მეოთხედფინალის საგზური ბოლო ტურში მოიპოვა, ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან და ახლაც მხოლოდ საჩემპიონო ამბიციის მქონე გუნდს აჯობა. ალბანელმა მწვრთნელმა, მუჰამედ ტაჩიმ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში სამწვრთნელო დუელი მოუგო კოტე ტუღუშს და ახლა ფინალში გასვლის სამართლიანი ამბიციაც აქვს. ნახევარფინალში დინამოელთა მეტოქე ან “ცხუმ-აფხაზეთი”, ანაც “ოლიმპი” იქნება. ამ გუნდებს შორის გადამწყვეტი მეოთხედფინალური მატჩი ხვალ, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
დინამოელებმა თამაში ბრძოლისა და შემართების ხარჯზე მოიგეს. აგრესიული დაცვა იყო თბილისური გუნდის გამარჯვების საწინდარი. მართალია, თუკი შეტევაში ბურთს ვერ ჩააგდებდნენ, გამარჯვებაზე არც უნდა ეფიქრათ, მაგრამ როცა გუნდი სტაბილურია დაცვაში, შეტევაში დერეფანიც იხსნება და ბურთებიც ვარდება. მუჰამედ ტაჩის გუნდში კი ჩამგდებები საკმარისად არიან. მაიკლ ედვარდსმა კიდევ ერთხელ გამოავლინა საკუთარი უნივერსალიზმი და როგორც სამწამიანიდან და საშუალო მანძილიდან, ისე შორი დისტანციებიდანაც ჩააგდო.
დიდებული მატჩი ჰქონდა ნიკოლოზ დარბაიძეს, რომელიც ორივე ფრონტზე – დაცვაშიც და შეტევაშიც ყოჩაღობდა. დინამოელები დინჯად მიჰყვებოდნენ არჩეულ ტაქტიკას და პანიკაში არ ჩავარდნილან, როცა მეორე პერიოდის შუაში 8 ქულით – 30:38 ჩამორჩნენ. თბილისელებმა სტაბილურად ჩაამთავრეს პერიოდი, დიდ შესვენებაზე 2-ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ და მეორე ტაიმიდან ამოქმედდნენ.
ედვარდსის, ჯამალ რაითისა და ვლადიმერ თავაქარაშვილის შედეგიანობით მესამე პერიოდის შუაწელში დინამოელები 10 ქულით – 65:55 დაწინაურდნენ. ბოლო პერიოდის წინ სტუმრები 8 ქულით ლიდერობდნენ, თუმცა ქუთაისელებმა როგორც იქნა თავისი გაიტანეს და ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. ეს უპირველესად ილია ლონდარიძის შედეგიანი გარჯის დამსახურებაა, რომელიც აღნიშნულ პერიოდში ჩინებულად მოქმედებდა მეტოქის საჯარიმოში, ხოლო თანაგუნდელები დაცვაში ყოჩაღობით აკეთებდნენ საერთო საქმეს.
კაჰიმ რენსომის სამქულიანის შემდეგ, თამაშის დასრულებამდე ექვსწუთნახვერით ადრე, ანგარიში გათანაბრდა -72:72. ეს თითქოს უნდა გამხდარიყო მასპინძელთა გალიდერების საბაბი, მაგრამ პირიქით მოხდა. დინამოელთა მწვრთნელმა წუთშესვენება აიღო, თავისიანებს შესაბამისი დავალებები მისცა და თამაში კვლავ სტუმართა უპირატესობით გაგრძელდა. თავაქარაშვილისა და ლუკა ბულაშვილის ორქულიანებს დარბაიძემ სამიანიც მოაყოლა და დინამოელთა ლიდერობა 7 ქულამდე გაიზარდა.
ახლა უკვე ქუთაისელების წუთშესვენების ჯერი დადგა, მაგრამ ამან საქმეს არ უშველა. დინამოელთა მწყობრი დაცვის ხარჯზე ქუთაისელებს ბურთის ჩაგდება უჭირდათ და ისე მოატანა ბოლო წუთებმა, ანგარიშში სხვაობა იმდენად არ შემცირებულა, რომ მასპინძლებს გამარჯვების შანსი მისცემოდათ. დინამო დინჯად და აუღელვებლად მივიდა გამარჯვებამდე და ნახევარფინალში გასვლა დამსახურებულად იზეიმა.
დინამოში 19 ქულით, 7 მოხსნით, 3 პასითა და 3 დაფარებით საუკეთესო შედეგი მაიკლ ედვარდსმა დააფიქსირა. 21 ქულა და 6 მოხსნა ნიკოლოზ დარბაიძემ მიითვალა. 15 ქულა ჰქონდა ვლადიმერ თავაქარაშვილს. 12 ქულა, 6 პასი და 5 მოხსნა ლუკა ბულაშვილის ანგარიშზეა. ქუთაისში 19 ქულითა და 10 მოხსნით აკაკი დვალიშვილი გამოირჩა. 18 ქულა და 10 მოხსნა ილია ლონდარიძემ დააგროვა. 18 ქულით დაასრულა შეხვედრა დეჟან რაითმა.
ქუთაისისთვის სეზონი ნაადრევად, თუმცა 3 ტიტულით დასრულდა. იმერულმა კლუბმა მიმდინარე სეზონში აქამდე გათამაშებული სამივე ტიტული (დუდუ დადიანის თასი, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალი და საქართველოს თასის გათამაშება) მოიგო.
თუ ვინ შეხვდება დინამოს სუპერლიგის ნახევარფინალში, ამას ცხუმ-აფხაზეთისა და ოლიმპის მესამე, გადამწყვეტი მატჩი გამოავლენს, რომელიც თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 10 მაისს, 17:30 საათზე გაიმართება.