სუპერლიგის ფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა “დინამო თბილისმა” კოტე ტუღუშის “ქუთაისს” სტუმრად 81:73 სძლია, საერთო ანგარიში 1:1 გახადა და სერიაში მოედნის უპირატესობა მოიპოვა.
ფინალური სერიის პირველი მატჩის მსგავსად, დღვანდელი შეხვედრაც საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა. “დინამო” თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა, მაგრამ ისე ვერა, რომ იმედიანად ყოფილიყო. ქუთაისელები საკუთარ მოედანზე საკმაოდ სახიფათონი არიან და თუ თამაში წაუვიდათ, სოლიდურ ჩამორჩენას მოკლე დროში აბათილებენ.
სწორედ ასეთი გაქცევა მოაწყვეს ქუთაისელებმა მესამე პერიოდის ბოლო 3 წუთში. დინამოელების ყველაზე დიდი უპირატესობაც სწორედ ამ ეპიზოდში დაფიქსირდა. კაელ ტურპინის ორქულიანის შემდეგ სტუმრები 52:43 გალიდერდნენ, თუმცა პერიოდის დასრულებამდე დარჩენილ 3:30 წუთში ჯონათან ლის, დეჟუან რაითის, ბექა ბექაურის და გიორგი ბარბაქაძის შედეგიანობით ქუთაისელებმა 13:0 გაქცევა მოაწყვეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 56:52 დაწინაურდნენ.
დინამოელებმა 2-წუთიანი შესვენება კარგად გამოიყენეს და მოედანზე დაბრუნებულებმა მწვრთნელის მიერ მიღებული დავალებები ზუსტად შეასრულეს. თბილისურ კლუბს გამოადგა უკანახაზელი რეივენ ლი, რომელმაც სერიის პირველ მატჩში მოედანზე 4 უქულო წუთი გაატარა, დღეს კი 30:48 წუთში 17 ქულა მიითვალა და “დინამოს” გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. სწორედ ლიმ ჩააგდო ბოლო წუთზე შორეული სამქულიანი, რითაც ქუთაისელებს წარმატების შანსი წაართვა.
შეხვედრის დასრულებამდე 30 წამით ადრე, ლაველ ბოიდის საჯარიმოების შემდეგ, დინამოელთა ლიდერობამ 6 ქულას მიაღწია და მასპინძლები მარცხს საბოლოოდ შეეგუენ. დინამოელთაგან 17-17 ქულით რეივენ ლი და კაელ ტურპინი გამოირჩნენ. 13 ქულა და 6 პასი მიითვალა ლაველ ბოიდმა, ლევან გრძელიძის ანგარიშზე კი 11 ქულა დაგროვდა. “ქუთაისში” 19 ქულით ბომბარდირი გახდა დეჟუან რაითი, 15 ქულა მიითვალა ჯონათან ლიმ, ხოლო აკაკი დვალიშვილისა და ბექა ბექაურის ანგარიშზე 11-11 ქულა დაგროვდა.
ფინალური სერია თბილისში ინაცვლებს, სადაც, ოლიმპიურ სასახლეში, 27 და 28 მაისს მორიგი მატჩები გაიმართება. ორივე შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.
ქუთაისი – დინამო
სტატისტიკა: 73:81
სერიაში ანგარიში თანაბარია – 1:1