სუპელრიგის ზედიზედ 5 გამარჯვებით დაწყების შემდეგ პირველი მარცხი განიცადა კლუბმა “რუსთავმა”. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა ქვემოქართლურმა გუნდმა ბოლო 4 მატჩის წამგებსა და მიმდინარე ცხრილის ერთ-ერთ აუტსაიდერ “დინამოს” უმასპინძლა, თუმცა დაგეგმილი გამარჯვება ვერ მოიპოვა. ამის საშუალება ქვემოქართლელებს 2 ამერიკელი ლეგიონერით გაძლიერებულმა და ერთ მუშტად შეკრულმა დინამოელებმა არ მისცეს. მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილმა გუნდმა 2 უცხოელის სახით სოლიდური შევსება მიიღო და ფაქტობრივად მათთან შეთამაშების გარეშე სუპერლიგის ერთ-ერთი მოწინავე გუნდი სტუმრად დაამარცხა – 84:77 (სტატისტიკა).
ალონზო უოკერსა და ბარეტ ბენსონს დინამოში მშვენიერი დებიუტი გამოუვიდათ. განსაკუთრებით ამ უკანასკნელს, რომელმაც 17 ქულა, 12 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, რითაც “დინამოს” დიდად დაეხმარა. ბენსონმა დაიკავა ადგილი ფარქვეშ და მანამდე დინამოელთათვის მოშიშვლებული პოზიცია გაამაგრა. ტაჩის გაწვრთნილ გუნდს აკლდა ხეირიანი მეფარე, რომელიც სამწამიანში გუნდს აგრესიასა და საიმედოობას შესძენდა. ბენსონმა დამაჯერებლად ითამაშა ცენტრის პოზიციაზე და დინამომ ამით სოლიდური სარგებელი – რუსთავში გამარჯვება მიიღო.
მხოლოდ ბენსონი და დინამოს მეფარეები არ ყოფილან წარმატების მიზეზი. ფარქვეშა არტილერიის შემატებით დინამო დაბალანსდა, შეივსო, თორემ ეს გუნდი კვლავინდებულად ძლიერია პერიმეტრზე. ლუკა ბულაშვილის შედეგიანობას არაფერი მოჰკლებია. ბულაშვილმა ორჯერ ჩააგდო სამქულიანი ისე, რომ მეურვე მასზე დაჯარიმდა, 1 სამიანიც კი ჯარიმის თანხლებით ააცილა და სამივე საჯარიმო გამოიყენა. ჯამში ბულაშვილმა 27 ქულა, 6 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა და მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
სტუმრები თავიდანვე რომ დაწინაურდნენ, 5-10 ქულით სულ ლიდერობდნენ, რუსთაველები კი ჩამორჩენის გაბათილებას ცდილობდნენ. ყველაზე ახლოს მასპინძლები მეტოქესთან ბოლო წუთზე მივიდნენ, როცა ანგარიში 75:78 გახდა და ამავდროულად ქვემოქართლელებმა შეტევის უფლებაც მოიპოვს. შეხვედრის დასრულებამდე 29 წამით ადრე “რუსთავი” უტევდა, თუმცა ამერიკელმა უკანახაზელებმა – მალიქ უაითმა და მაიკ დევისმა ერთმანეთს ვერ გაუგეს და ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში მასპინძლებმა ბურთი და მასთან ერთად მატჩის გადარჩენის შანსიც დაკარგეს.
3 მოგებითა და 4 მარცხით “დინამო” “ტიტებთან” ერთად 9-10 ადგილებს იყოფს, ხოლო “რუსთავი” 5 მოგებითა და 1 მარცხით მე-3 ადგილზეა. სუპერლიგის მორიგი მატჩები 23 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: ტიტები – ბათუმი 14:00, ცხუმ-აფხაზეთი – მგზავრები 17:00