სუპერლიგის მე-6 ტური დღეს რუსთავში, ძალიან დაძაბული და საინტერესო მატჩით დაიწყო. ქვემო ქართლში სათამაშოდ “დინამო თბილისი” ჩავიდა, რომელიც მესამე პერიოდში 15 ქულით (48:63) აგებდა, ხოლო თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე 80:90 ჩამორჩებოდა, თუმცა გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხა. სუპერლიგის 2 უცხოელი მწვრთნელის დუელში მაკედონიელმა მუჰამედ ტაჩიმ ბერძენ გეორგიოს კეცელიდისს აჯობა – დინამოელებმა 96:92 გაიმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერებს – თსუ-ს, ბათუმს და ვერას გაუთანაბრდნენ.
როგორც ანგარიშიდან ჩანს, მატჩი საკმაოდ უხვქულიანი გამოდგა. ამის მიზეზი უმთავრესად ის სამქულიანები იყო, რომლებიც ორივე გუნდის წევრებმა საკმაოდ ბლომად ჩააგდეს. სწორედ შორი სროლების წყალობით გაიჭრნენ რუსთაველები ბოლო პერიოდში წინ. ოთარ ფხაკაძემ 3 წუთის ინტერვალში 3 სამქულიანი ჩააგდო და რუსთაველები, რომლებსაც კომბინაციების გათამაშება არ გამოსდიოდათ, 8 ქულით დააწინაურა – 80:72.
თუმცა აღასანიშნავია, რომ დინამოელებიც არ ჩამორჩნენ მასპინძლებს: ნოდან გოგოძემ მესამე პერიოდში 4 სამქულიანი მიითვალა და რუსთაველთა 15-ქულიანი ლიდერობის გაბათილებაშიც მთავარი როლი შეასრულა. ყველაფერი ბოლო წუთზე გადაწყდა. “დინამოს” კალათბურთელებმა კლასიკური კალათბურთი ითამაშეს დაცვისა და შეტევების ჰარმონიული სინთეზით. რუსთაველებს გადაღლა დაეტყოთ, სტუმრები კი მეტი მონდომებითა და სიზუსტით მოქმედებდნენ – ბოლოსწინა წუთზე ანგარიში გაათანაბრეს და ბოლოზე – დაწინაურდნენ კიდეც. საკვანძო შეტევაში რუსთაველთა სერბ ლეგიონერ ნიკოლა ტადიჩს ბურთი ვოვა თავაქარაშვილმა ჩაუჭრა, ქვემოქართლელებმა ტაქტიკური ჯარიმა დროულად ვერ აიღეს და მატჩის დასრულებამდე 8 წამით ადრე ლუკა ბულაშვილი პერსონალურით შეაჩერეს. ბულაშვილმა ორივე საჯარიმო ჩააგდო, “დინამო” 4 ქულით დააწინაურა და მატჩის ბედიც გადაწყდა.
ბულაშვილი საუკეთესო გახდა – მის ანგარიშზე 22 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა დაგროვდა. 22 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა ტაილერ უილიამსს, რომელმაც მატჩის ბოლოსწინა წუთზე უმნიშვნელოვანესი სამქულიანი მიითვალა. სეზონის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა მაიზერ რევაზაშვილმა, რომელმაც 19 ქულა მოინაგრა. “რუსთავში” 24 ქულითა და 6 პასით საუკეთესო იყო ოთარ ფხაკაძე. 14 ქულა ილია ლონდარიძემ, 12 – აკაკი დვალიძვილმა, ხოლო 11 – საბა ლობჯანიძემ მოაგროვეს.
მე-6 ტურის 3 შეხვედრა ხვალ, 16 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, ხოლო ტური “კაკტუსი”-“ოლიმპის” მატჩით, კვირას დასრულდება.
რუსთავი – დინამო
სტატისტიკა: 92:96
მირიან ჩხაიძის ფოტოები