სუპერლიგის მე-6 ტური დასრულდა. ბოლო მატჩში ერთმანეთს
„დინამო“ და სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდები შეხვდნენ. მატჩი ფავორიტად მიჩნეული
დინამოელების გამარჯვებით, ანგარიშით 84:64 დასრულდა.
სამედიცინო უნივერსიტეტელებს მიმდინარე სეზონში გაამრჯვება
ჯერ არ მოუპოვებიათ. „დინამო“ კი სუპერლიგის მოწინავე გუნდებში ჯერ ვერ ტრიალებს, თუმცა
იმდენი ძალა კი გააჩნია, რომ
მედიკოსების მოგება არ დაანებოს. საბოლოოდ ასეც მოხდა: მიუხედავად კახა შენგელიას გუნდის
მცდელობისა, „დინამომ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
პირველი ტაიმის შემდეგ დინამოელები 15 ქულით იგებდნენ,
თუმცა სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა მესამე მეოთხედის მოგება მოახერხა და ბოლო ათწუთეულის
წინ ჩამორჩენა 11 ქულამდე შეამცირა. შედეგიანად თამაშობდა მედიკოსთა ცენტრი გიორგი
რევაზაშვილი, რომელიც ორმაგი დუბლით თავის გუნდში საუკეთესო იყო – 13 ქულა, 13 მოხსნა.
ბოლო პერიოდში ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა
საქმე აღარ გაირთულეს და მატჩი ისე ჩაამთავრეს, თამაში არ დაძაბულა. გამარჯვებულთა
შორის 24 ქულითა და 10 მოხსნით ფლინ კლეიმანი გამოირჩა, ხოლო ბექა ჩიკვილაძემ 19 ქულა
მიითვალა.
მაშ ასე, დასრულდა მე-6 ტური, რის შემდეგაც ცხრილში
საინტერესო ვითარება შეიქმნა. სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს „შსს-აკადემია“, ხოლო
შემდეგ თითო წაგების მქონე „ქუთაისი“, „რუსთავი“, „არმია“ და „ოლიმპი“ მოდიან. მომდევნო,
მე-7 ტური, 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს გაიმართება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
ირაკლი ხოშატარია
(დინამო): სრული სეროზულობით ვემხზადებოდით
დღევანდელი მატჩისთვის და კმაყოფილი ვარ დღევანდელი გამარჯვებით, თუმცა რა თქმა უნდა
ეს არ არის ჩვენი მაქსიმუმი. ვისურვებდი რომ მომავალ მატჩებში ბევრად უკეთესად ვიასპარეზოთ.
კახა შენგელია
(თსსუ): მართალია ბევრს ვშრომობთ, თუმცა სამწუხაროდ ჯერჯერობით სასურველ შედეგს ვერ
ვაღწევთ. გვყავს საუკეთესო მსროლელები, თუმცა ფაქტია რომ ვერ ვასპარეზობთ.
სოსო ლეჟავა
(დინამო):ორი კვირა ვისვენებდით და ალბათ ამან განაპირობა ჩვენი სუსტად ასპარეზობა. ვფიქრობ ჩვენს გუნდს ბევრად
მეტი შეუძლია.
გიორგი გაფრინდაშვილი
(თსსუ): დაცვაში შეუთანხმებლად ვთამაშობდით,
რაც ჩვენი, მოთამაშეების შეცდომაა. გავითვალისწინებთ ჩვენს ხარვეზებს და სამომავლოდ გამოვასწორებთ.
სუპერლიგა მე-6 ტური
ბათუმი – თსუ 61:74
რუსთავი – სოხუმი 87:65
არმია – შსს აკადემია 69:80
ოლიმპი – ქუთაისი 81:97