დინამომ შსს დაამარცხა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

თბილისის „დინამოს“ დიდი წარმატება. ირაკლი ხოშტარიას
გაწვრთნილმა გუნდმა სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერი „შსს-აკადემია“ დაამარცხა. დინამოელებს
ტრავმის გამო ძირითადი შემადგენლობის 3 წევრი აკლდა,

 თუმცა უდიდესი მონდომების ხარჯზე
ხოშტარიას გუნდმა საამაყო გამარჯვება მოიპოვა. „დინამომ“ პირველივე მეოთხედიდან დაანახვა შსს-ს, რომ
დანებებას არ აპირებდა. პირველი მეოთხედი ფრედ – 17:17 დასრულდა, დიდი შესვენებისთვის
კი „ძალოვნები“ მხოლოდ 1 ქულით იგებდნენ. დინამოელებმა მესამე ათწუთეული 4 ქულით წააგეს,
თუმცა ბოლო პერიოდში ძალები მოიკრიბეს და თამაში გაათანაბრეს.

დინამოელთა ჩამორჩენის შემდეგ პირველად ანგარიში თამაშის
დასრულებამდე 6 წუთით ადრე გათანაბრდა, როცა ზეზვა ლილუაშვილმა ზუსტი გარღვევით
67:67 დააფიქსირა. ამის შემდეგ თამაში გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა,  თუმცა მცირედით შსს ლიდერობდა. ერთ ეპიზოდში აკაკი
ლომოურმა ერთ შეტევაში 5 ქულა მიითვალა. არასპორტული ჯარიმის შემდეგ მან 2 საჯარიმო
ჩააგდო და შემდეგ სამქულიანით შსს 75:69 დააწინაურა. თუმცა ამან დინამოელები არ გატეხა.
ქიან კარტერმა, ბექა ჩიკვილაძემ და ქიან კარტერმა შედეგიანობა არ დააგდეს, რამაც „დინამოს“
ბოლო წუთებზე მოგების შანსი უბოძა.

თამაშის დასრულებამდე 1 წუთით ადრე ბექა ჩიკვილაზემ
ზუსტი გარღვევით დინამოელები 79:78 დააწინაურმა, ხოლო შსს-ელმა დენოტა ვონმა სამქულიანი
ააცილა. შემდეგ გუნდებმა კიდევ გაცვალეს არაზუსტი სროლები, რომელთაგან მერაბ ბოქოლიშვილის
საფინალო სირენამდე 15 წამით ადრე აცილებული სამიანი გადამწყვეტი აღნოჩნდა. ბურთი დინამოელმა
ფლინ კლაიმენმა მოხსნა და წამებში იგი საჯარიმოს ხაზზე დადგა. ამერიკელმა ლეგიონერმა
ორივე სროლა ჩააგდო და საფინალო სირენამდე 10 წამით ადრე „დინამო“ 81:78 დააწინაურა.

დარჩენილ დროში შსს-მ ვეღარ მოახერხა თამაშის გადარჩენა
და სეზონში მეორე მარცხი განიცადა. გამარჯვებულებს 27 ქულით ფლინ კლაიმენმა ულიდერა,
ხოლო ჩიკვილაძემ 21 მიითვალა. შსს-ში 16 ქულით საუკეთესო იყო კირკ არჩიბეკი, ხოლო ახალგაზრდა
წლის რევაზ როგავამ პირად ანგარიშზე 11 ჩაიწერა.

ირაკლი ხოშტარია 
(დინამო): მადლობა ჩვენს მოწინააღმდეგეს ასეთი საინტერესო თამაშისთვის
და მწვრთნელს, რომ ჩამოაყალიბა უკეთესი გუნდი ვიდრე იყო. ჩემი აზრით, შსს აკადემია
ერთ-ერთო ფავორიტია წლევნდელი ჩემპიონატის. რაც შეეხება დინამოს, ბიჭებმა იბრძოლეს,
მეტ-ნაკლებად შეასრულეს დავალებები, მთლიანობაში ვფიქრობ ნორმალური თამაში გვქონდა
დღეს, ვეცდებით უკეთესად ვიასპარეზოთ, რა თქმა უნდა თუ შემადგენლობამ მოგვცა საშუალება.

გეორგის კეცელიდისი (შსს აკადემია): მივულოცავ
დინამოს გამარჯვებას, რაც შეეხება თამაშს, მსაჯობით არ ვარ კმაყოფილი და აუცილებლად
განვიხილავთ მატჩის ვიდეო ჩანაწერს.

ირაკლი კეიდია (დინამო): დღეს
გუნდმა ერთსულოვნად იასპარეზა და აჩვენა გუნდური თამაში.მიუხედავად იმისა, რომ გვაკლდნენ
წამყვანი კალათბურთელები, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.

მიხეილ ჩიტაშვილი (შსს აკადემია):  მივულოცავ დინამოს მოგებას, რაც შეგვეხება ჩვენ, ძალიან
ბევრი შეცდომა დავუშვით დღევანდელ მატჩში, რაც შედეგზეც აისახა.იმედია, მომავალ შეხვედრებში
გამოვასწორებთ ხარვეზებს და უკეთესად ვიასპარეზებთ.