დინამომ სუპერლიგა მოგებით გახსნა

დინამომ სუპერლიგა მოგებით გახსნა

 სტატისტიკასაკალათბურთო სუპერლიგა ახალ სპორტის სასახლეში გაიხსნა.
საქართველოს ეროვნულმა ჩემპიონატმა სარბიელი შეიცვალა და ამიერიდან თსუ-ს მაღლივ კორპუსთან,
კეთილმოწყობილსა და მშვენიერ ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.
პირველ მატჩში ერთმანეთს თბილისის დინამო და აჭარული
„ბათუმი“ შეხვდნენ. როგორც წესი, ყოველი სეზონის წინ გუნდები სახეცვლილნი არიან. გამონაკლისი
არც ახლა დაწყებული სეზონია, ყველა გუნდის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია
და ეს შეეხო „დინამოსაც“ და „ბათუმდაც“. თუკი გასულ 2 სეზონში ბესიკ ლეჟავა „დინამოსთვის“
ირჯებოდა, ახლა ის „ბათუმშია“. ზღვისპირელებს ჰყავთ რუსთაველი ახალწვეული აკაკი დვალიშვილი
და უკრაინელი გამრჯე ფორვარდი იგორ კრავცოვი.
„დინამოში“ უფრო მეტი ცვლილებაა და როგორც ჩანს, ამ
გუნდის სატრანსფერო პოლიტიკა ჯერჯერობით სწორი მიმართულებით მიდის. ყოველ შემთხვევაში
პირველი ტურის მატჩში დინამოელებმა „ბათუმზე“ ბევრად კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, რაც
შედეგშიც აისახა – ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა 17 ქულით – 80:63 მოიგო და
ბათუმელთა მწვრთნელ დავით უსტიაშვილს საფიქრალი გაუჩინა.
თამაშის პირველი მეოთხედი თანაბარი იყო. გარდამავალი
უპირატესობით მიმდინარე პერიოდი დინამოელებმა 23:20 მოიგეს, ხოლო მეორე ათწუთეულიდან
უპირატესობა გაიმყარეს და დიდ შესვენებას 10-ქულიანი ლიდერობით შეხვდნენ – 45:35. მეორე
ტაიმში ვითარება არ შეცვლილა. „დინამო“ ზეწოლას აძლიერებდა, რაშიც ამ გუნდს ძირითადად
ახალწვეული გიორგი შარაბიძე, ილია ლონდარიძე, სანდრო სანაძე და ამერიკელი ლეგიონერი
დანიელ უილიამსი ეხმარებოდნენ.
მესამე პერიოდი ხოშტარიას გუნდმა 21:13 მოიგო და გადამწყვეტ
პერიოდს სოლიდური – 18-ქულიანი ლიდერობით შეხვდა. ბათუმელებმა ვეღარ მოახერხეს ვითარების
გამოსწორება, ანგარიშში სხვაობამ კი 20 ქულას გადააბიჯა და მატჩის ბედიც გაირკვა. საბოლოოდ
„დინამომ“ დამაჯერებელი გამარჯვება მიითვალა და ჩემპიონატი რიხიანად დაიწყო. თბილისელებს
22 ქულით შარაბიძემ ულიდერა, დანიელ უილიამსმა 15 მიითვალა, ახალგაზრდა სანდრო სანაძის
ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. „ბათუმში 21 ქულით საუკეთესო იყო უკრაინელი ახალწვეული
იგორ კრივცოვი, მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი კი აკაკი დვალიშვილის ანგარიშზეა –
10 ქულა, 13 მოხსნა.
დღის მომდევნო მატჩში ერთმანეთს „ქუთაისი“ და „მგზავრები“
შეხვდებიან.
 
მატჩისშემდგომი კომენტარები:
ირაკლი ხოშტარია
(„დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, ყველას მივულოცავ
სუპერლიგის  დაწყებას. ის რომ მოვიგეთ დღევანდელი
თამაში,  ჩვენი მოთამაშეების  დამსახურებაა, რომლებიც დროის მცირე მონაკვეთში მიხვდნენ
თუ რა გვაქვს გასაკეთებელი. ბევრი შეცდომა და ხარვეზიც გვქონდა დღეს, თუმცა, სეზონი
დღეს დაიწყო და რა თქმა უნდა,  სამუშაო ბევრია. ჩვენი
გამარჯვება  მიხეილ ბერიშვილის ტრავმამ გააუფერულა,
ნოდარ გოგოძესაც სერიოზული ტრავმა აწუხებს.  წინ მთელია სეზონია და მუშაობას  განვაგრძობთ.
 დავით უსტიაშვილი(„ბათუმის“
მთავარი მწვრთნელი): ახალი  გუნდი
ვართ,  ახალი მოთამაშეებით დაკომპლექტებული.
აქამდე არცერთი ამხანაგური მატჩი არ ჩაგვიტარებია, დღეს ჩვენი პირველი თამაში იყო.
შეცდომები ბუნებრივია გვექნება, თუმცა ჯერ ახლა დაიწყო სეზონი  და თამაშიდან თამაშამდე ყველაფერი გამოსწორდება.