„დინამომ“ ტური რუსთავში იოლი გამარჯვებით გახსნა

„დინამომ“ ტური რუსთავში იოლი გამარჯვებით გახსნა

საკალათბურთო სუპერლიგის მე-3 ტური დღეს რუსთავში გაიხსნა. „დინამო თბილისი“ 25 ოქტომბერს ფიბა ევროპის თასზე თამაშობს და სუპერლიგის თავისი მატჩი დღეს გამართა. დინამოელთა მსგავსად, 2 ტურის შემდეგ „რუსთავიც“ დაუმარცხებელი იყო და შესაბამისად, საინტერესო ბრძოლა იყო მოსალოდნელი, თუმცა ვარაუდმა არ გაამართლა. დინამოელებმა იოლად მოიგეს შეხვედრა სუპერლიგაში 2-დან 2 მოგებით ლიდერთა შორის არიან.

სანამ დინამოელები საკუთარ თამაშს იპოვიდნენ, პირველ პერიოდში შედარებით თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. რუსთაველები ტოლს არ უდებდნენ სტუმრებს, თუმცა ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა თბილისურმა კლუბმა მეოთხედის მიწურულს ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა – 27:22. კომბინირებულად შედეგიანი თამაშის წყალობით „დინამომ“ მეორე მეოთხედი 22:10 მოიგო და დიდ შესვენებაზე 17 ქულიანი ლიდერობით გავიდა.

რუსთაველებს წარმატების მიღწევა თუ შეეძლოთ, მესამე პერიოდში უნდა ეღონათ რამე, თუმცა პირიქით კი მოხდა. ნიკოლა გაჩეშას, კაელ ტურპინისა და ლაველ ბოიდის შედეგიანობით სტუმართა ლიდერობამ 30 ქულას გადააჭარბა და თამაშსაც აზრი დაეკარგა. „რუსთავის“ მწვრთნელმა, რამაზ გოგობერიშვილმა მოედანზე სათადარიგოებს უხმო და თამაში ასე ჩაამთავრა.

საბოლოოდ „დინამომ“ 37 ქულით იმარჯვა და ფიბა ევროპის სათასო მატჩის წინ დადებითი განწყობა შეიქმნა. გამარჯვებულებს 22 ქულით ნიკოლა გაჩეშამ ულიდერა. 15 ქულა დააგროვა ტურპინმა, ხოლო იოვან ჩრნიჩის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა. „რუსთავში“ 13 ქულით ბომბარდირი გახდა თაირელ ნელსონი, ხოლო ადამ ბლეიზეკის ანგარიშზე 10 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა დაგროვდა.

სუპერლიგის მე-3 ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა 25 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. ამავე დღეს ითამაშებს ოლიმპიურ სასახლეში „დინამო თბილისიც“, რომელიც ფიბა ევროპის თასზე რუმინულ „კლუჟ-ნაპოკას“ უმასპინძლებს.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ირაკლი ხოშტარია, „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი:

„ვუყურეთ „რუსთავის“ წინა მატჩებს და მოვემზადეთ ამ შეხვედრისთვის. ბიჭებმა კარგად ითამაშეს და ეს მაშინ, როცა რამდენიმე დღეში ძალიან პრინციპული მატჩი გველის ევროპის თასზე. ყველა კალათბურთელს მივეცით თამაშის საშუალება და ვფიქრობ, როტაცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალ შეხვედრებში“.

რამაზ გოგობერიშვილი, „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი:

„უძლიერესი გუნდია „დინამო“. ვულოცავ, დამსახურებულად მოიგო და როცა შევხედეთ, რომ მეტოქე ძალიან გაგვექცა, სათადარიგოებს მივეცით თამაშის საშუალება, რომლებმაც საჭირო გამოცდილება მიიღეს. იმედია, მომავალ მატჩებს მეტი მობილიზებით შევხვდებით. „დინამოს“ კი ვუსურვებ წარმატებას ევროთასზე“.