საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

“დინამომ” ზედიზედ მე-7 გამარჯვება “თსუ-ჰიუნდაისთან” მოიპოვა

“დინამომ” ზედიზედ მე-7 გამარჯვება “თსუ-ჰიუნდაისთან” მოიპოვა

ოლიმპიურ სასახლეში გამართულ სუპერლიგის მორიგ მატჩში ერთმანეთს უშუალო კონკურენტები, თანაბარი ქულების მქონე და ცხრილის II-III ადგილებზე მყოფი “დინამო” და “თსუ-ჰიუნდაი” შეხვდნენ. ამ გუნდებზე წინ მხოლოდ “ქუთაისი” გახლდათ და შესაბამისად, ორივე მათგანისთვის ამ შეხვედრას საკმაოდ პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. 

მატჩის მსვლელობამ გამოაჩინა მისი შედეგის მნიშვნელობა. ორივე გუნდი ყველაფერს აკეთებდა წარმატების მისაღწევად და ანგარიშიც ბოლო პერიოდამდე თითქმის თანაბრად იზრდებოდა. პირველი პერიოდი თსუ-ჰიუნდაელებმა 17:12 მოიგეს, ხოლო მეორე დინამოელების სასარგებლოდ დასრულდა – 24:20. დიდი შესვენების შემდეგ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა თსუ-ჰიუნდაელებმა 7-ქულიანი უპირატესობა (58:51) მოიპოვეს, თუმცა დინამოელთა პასუხი სწრაფი და შედეგიანი იყო. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა ჩამორჩენა გააბათილა და მეტოქეზე მთავარი იერიში ბოლო პერიოდში მიიტანა.

გადამწყვეტ ათწუთეულში სწრაფი და შედეგიანი თამაშის წყალობით “დინამომ” ათქულიანი უპირატესობა მოიპოვა და თამაშის ბოლომდე ისე მივიდა, პრობლემა არ შექმნია. ირაკლი ხოშტარიას გუნდისთვის ეს მიმდინარე სუპერლიგაში ზედიზედ მე-7 გამარჯვება გახლდათ. დინამოელებს რეჯერ დოუელმა 29 ქულით ულიდერა. 15-15 ქულა მიითვალეს დომაგოი ბუბალომ და ჯორდან სვოპშირმა. ორივე მათგანმა ორმაგი დუბლი მიითვალა. ბუბალომ 10 მოხსნა მიითვალა, სვოპშირმა – 15. “თსუ-ჰიუნდაიში” 30 ქულით საუკეთესო იყო ჯეიმს მილიკანი, ნიკა მეტრეველის ანგარიშზე კი 15 ქულა დაგროვდა. 

ამ მატჩის დწყებამდე შედგა “ჰიუნდაის” საკალათბურთო სკოლის 14-წლამდელთა გუნდის დაჯილდოვება, რომელიც გასული სეზონის საქართველოს ჩემპიონი გახდა. გუნდის მწვრთნელები და მოთამაშეები საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ, ზაზა ღონღაძემ და ვეტერანმა მსაჯმა და ამჟამად სუპერლიგის კომისარმა – როლანდ გელოვანმა დააჯილდოვეს.

თსუ-ჰიუნდაი – დინამო 
სტატისტიკა: 84:89