დინამოს ბაზაზე გამართულ მატჩებში ფავორიტად მიჩნეულმა გუნდებმა იმარჯვეს

დინამოს ბაზაზე გამართულ მატჩებში ფავორიტად მიჩნეულმა გუნდებმა იმარჯვეს

13 აპრილს სუპერლიგის მორიგი 3 მატჩი “დინამოს” საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა. მიზეზი ოლიმპიური სასახლის ტექნიკური გაუმართაობა იყო. ძლიერმა ქარმა მცირე მონაკვეთზე სახურავი დააზიანა, რომლის შეკეთებაც ვერ მოესწრო და ამის გამო შეხვედრებს დიღმის საწვრთნელმა ბაზამ უმასპინძლა. ამ მომენტისთვის ოლიმპიური სასახლის დარბაზი გამართულია და 14 აპრილს დაგეგმილ “ა” ლიგის ფინალური სერიის პირველ მატჩს “კავკასიასა” და “ასტრალს” შორის დათქმულ დროს უმასპინძლებს. 

რაც შეეხება “დინამოზე” გამართულ მატჩებს, მათი შედეგები თითოეული გუნდისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო. ერთადერთი, ბოლო ადგილისთვის განწირული “დინამოსთვის” აქვს სატურნირო ვითარებას აზრი დაკარგული, თორემ სხვებისთვის ყოველი მატჩის შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგი გუნდი პირველი ადგილისთვის იბრძვის, ზოგი პლეი ოფში გასასვლელად, ზოგიც მე-10 ადგილის და შესაბამისად “ა” ლიგის ფინალისტთან გადათამაშების ასარიდებლად.

“დინამოზე” გამართულ პირველ მატჩში “ქუთაისი” “ვერას” შეხვდა და როგორც მოსალოდნელი იყო, გაიმარჯვა. ლეგიონერების დაკარგვის შემდეგ ვერელებს 8 შეხვედრიდან მხოლოდ 1 აქვთ მოგებული და სუპერლიგის ერთ-ერთ ლიდერ იმერულ კლუბთანაც ვერაფერს გახდა. ამ შეხვედრაში მიმდინარე სეზონის სუპერლიგის რეკორდი დამყარდა. ვერას ამერიკელმა ლეგიონერმა, ზაკ სელიასმა 27 ქულასთან ერთად 23 ბურთი მოხსნა, რაც მიმდინარე სუპერლიგის და მთლიანად სეზონის რეკორდია. 

“ქუთაისმა” საბოლოოდ 88:78 (სტატისტიკა) იმარჯვა და სანამ კონკურენტი თსუ ითამაშებდა, ამ გუნდს სუპერლიგის ცხრილის სათავეში გაუთანაბრდა. სწორედ მომდევნო მატჩში ითამაშა სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა, რომელმაც “ოლიმპს” 11 ქულის სხვაობით – 92:81 (სტატისტიკა) სძლია და ცხრილში ისევ ერთპიროვნულად გალიდერდა. 

რაც შეეხება “ოლიმპთან” მატჩს, უნივერსიტეტელები პირველი ნახევრის შემდეგ 6 ქულით აგებდნენ, თუმცა დიდებული მესამე პერიოდი ჩაატარეს, რომელიც 10 ქულით მოიგეს და დასკვნით ათწუთეულს ლიდერებად შეხვდნენ. დარჩენილ დროში უნივერსიტეტელებმა მეტოქეზე ნაკლები შეცდომები დაუშვეს და გამარჯვებამდე დამაჯერებლად მივიდნენ – 92:81  (სტატისტიკა)

მესამე შეხვედრაში სუპერლიგაში დარჩენის შანსდაკარგული “დინამო” მთელი 3 პერიოდი უგებდა რამდენიმე დღის წინ საქართველოს თასის მომგებ “ბათუმს”, თუმცა საბოლოო წარმატებას ვერ მიაღწია. როცა გადამწყვეტი ეპიზოდი დადგა და “დინამო” არ ტყდებოდა, ზღვისპირელებმა საქმეს მეტი მონდომებით მოკიდეს ხელი და გამარჯვება გაიფორმეს. ბათუმელებს თითოეული გამარჯვება ძალიან სჭირდებათ, რადგან ცხრილში “ოლიმპის” გადასწრებას და ამ გუნდთან პლეი ოფში შესაძლო შეხვედრის შემთხვევაში მოედნის უპირატესობის განაღდებას ცდილობს.