სტატისტიკა გალერეასუპერლიგის მეორე ნახევარფინალური სერია „დინამოს“ დომინირებით
დაიწყო. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა, რომელმაც რეგურალური ჩემპიონატი მოიგო,
პლეი ოფი რიხით დაიწყო და მეტოქე „რუსთავს“ ისე სძლია, შანსი არ დაუტოვა.
აღსანიშნავია, რომ „რუსთავი“ მიმდინარე სეზონის ყველაზე
პრინციპულ მატჩს სოლიდური დანაკლისით შეხვდა. ქვემოქართლელებს ტრავმების გამო 2 ამერიკელი
ლეგიონერი – ტომი სპანოლო და ქეისი კასპერბაუერი აკლდათ. ეს მოთამაშეები რუსთაველთ
ხუთულის წევრები არიან და შესაბამისად, სტუმართა დანაკლისიც მნიშვნელოვანი გახლდათ.
„დინამომ“ უპირატესობა პირველივე წუთბიდან მოიპოვა.
მე-5 წუთისთვის 12:4 გალიდერდა, ხოლო პერიოდი კი 25:12 მოიგო. მასპინძლები შესატევად
კარგად იყენებდნენ როგორც სამწამიანს, ისე პერიმეტრს. ფარქვეშ რუსთაველთ ტანმაღალი
ცენტრი, სერგო ათუაშვილი კარგად კი იყო გამაგრებული, თუმცა სისწრაფის ხარჯზე დინამოელი
მეფარეები (ილია ლონდარიძე, ნიკოლა მარავიჩი) მაინც ახერხებდნენ ბურთების ჩაგდებას.
მთავარი იარაღი კი მაინც საშუალო და შორი სროლები გახლდათ, რაშიც მიხეილ ბერიშვილი
გამოირჩეოდა და მეორე პერიოდი თბილისელებმა 20:12 მოიგეს.
დიდი შესვენებისთვის „დინამო“ უკვე 21 ქულას იგებდა
და მესამე პერიოდში ტემპი დააგდო. შედარებით ნელ თამაშში „რუსთავმა“ მცირედით იხეირა,
თუმცა ბოლო პერიოდის წინ 21-ქულიან ჩამორჩენას მხოლოდ 1 ქულა ჩამოაკლო. დასკვნით პერიოდში
დინამოელებმა ისევ უმატეს ტემპს და მატჩის დასრულებამდე ლიდერობა 33 ქულამდე გაზარდეს.
საბოლოოდ „დინამომ“ 91:58 გაიმარჯვა და სერიაში 1:0 დაწინაურდა.
თბილისელებს 21 ქულით ილია ლონდარიძემ ულიდერა. 19 ქულა
მიხეილ ბერიშვილმა ჩააგდო, 10-10 ქულა-მოხსნა კი ნიკოლა მარავიჩის ანგარშზე დაგროვდა.
რუსთაველთაგან ყველაზე მეტი – 20 ქულა მორის ბრიგსმა მიითალა, რევაზ ჩაჩანიძემ კი შეხვედრა
12 ქულით დაასრულა.
სერიის მეორე შეხვედრა 9 მაისს, ისევ თბილისში –
18:00 საათზე გაიმართება. ფინალში ის გუნდი გავა, რომელიც სერიაში 3 გამარჯვებას მოიპოვებს.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში დღევანდელ დღეს მოგილოცავთ. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს – ეს იმით არის მნიშვნელოვანი, რომ თამაშები არის სამ მოგებამდე. პირადად მე და ჩვენს კლუბს ბოლო წლებში აქვს გამოცდილება თუ რა არის პლეიოფში თამაში და მე ვცდილობ მოთამაშეებს ეს კარგად ავუხსნა და კარგად გაიგონ.უნდა აღვნიშნო, რომ არ გვყავდა დეონტა ვონი, თუმცა დღეს შანსი მივეცით ნოდარ გოგოძეს ტრავმის შემდეგ და ვფიქრობ, უნდა გავაგრძელოთ შრომა, რომ ღირსეულად დავამთავროთ ნახევარფინალური სერია. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ მხოლოდ და მხოლოდ 9 მაისის თამაშზე, მეტზე არაფერზე.
რამაზ გოგობერიშვილი (რუსთავის მთავარი მწვრთნელი): რა თქმა უნდა ფავორიტი დინამო იყო, რაც შევძელით შეხვედრის პირველ ნახევარში გაწეული წინააღმდეგობა იყო. ვულოცავ დინამოს გამარჯვებას, გულშემატკივარს და ყველას კი დღევანდელ დღეს მოგილოცავთ. შევეცდებით 9 მაისს და რუსთავში გამოვასწოროთ თამაში.